ამერიკა ჩინური "ჰუავეის" შესაძლო საჯაშუშო საქმიანობის გამოძიებას ატარებს

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რომელიც საკითხის მცოდნე ორი პირის ინფორმაციას ეყრდნობა, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელ „ჰუავეის“ საქმეს იძიებს. გამოძიება ეხება აშშ-ის მობილური კავშირის ანძებს, რომელიც ამ კომპანიის აპარატურითაა აღჭურვილი. "ჰუავეის" მათი საშუალებით ჰქონდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა საიდუმლო ინფორმაცია სამხედრო ბაზებიდან და რაკეტების სასტარტო შახტებიდან. კომპანიას შეეძლო შემდეგ ეს ინფორმაცია ჩინეთისთვის გადაეცა.

ასევე ნახეთ: "ჰუავეი" ლონდონმაც აკრძალა: ჩინეთის 5G ტექნოლოგიები ბრიტანეთში 2027 წლამდე უნდა ალაგდეს

ერთმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, რადგან გამოძიება კონფიდენციალურია და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, თქვა: ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ „ჰუავეის“ (HWT.UL), შეეძლო თავისი მოწყობილობით მოეპოვებინა საიდუმლო ინფორმაცია სამხედრო წვრთნების, ბაზების მზადყოფნის სტატუსის და პირადი შემადგენლობის შესახებ.

გამოძიება, რომლის შესახებ ადრე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, ვაჭრობის დეპარტამენტმა ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დაკავებიდან მალევე, გასული წლის დასაწყისში წამოიწყო. ეს გადაწყვეტილება, 2019 წლის საპრეზიდენტო განკარგულების ხორცშესხმის დაწყებას მოჰყვა, რომელიც ამ სააგენტოს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებას ანიჭებს.

ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “მიმდინარე გამოძიებებს არც ადასტურებს და არც უარყოფს“.

„ჰუავეის“ კომენტარის თხოვნაზე "როიტერისთვის" პასუხი არ გაუცია. კომპანია მტკიცედ უარყოფს აშშ-ის მთავრობის ბრალდებებს, რომ მას შეეძლო ამერიკელ კლიენტებზე ეჯაშუშა და რომ ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენს.