ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუავეი" ლონდონმაც აკრძალა: ჩინეთის 5G ტექნოლოგიები ბრიტანეთში 2027 წლამდე უნდა ალაგდეს


ჩინეთის მიმართ ეს უკვე მკვეთრი სიგნალია: "ჰუავეი" - გლობალური ტელეკომუნიკაციების გიგანტი - დასავლეთის ბაზარზე ვეღარ მკვიდრდება. ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "ჰუავეის" მოწყობილობა-დანადგარები ბრიტანეთის მეხუთე თაობის ტექნოლოგიების (5G) ქსელებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ.

ბრიტანული ტელეკომუნიკაციების ოპერატორები შიშობდნენ, რომ ამ ნაბიჯის სწრაფად გადადგმა მათ მილიარდობით ზარალს მოუტანდა. მაგრამ, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანულ კომპანიებს თითქმის 7 წელი მისცა და ბოლო ვადად 2027 წელს დაუწესა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მეხუთე თაობის ქსელების დამონტაჟებაც, დიდი ალბათობით გადაიდება.

გადაწყვეტილების შესახებ მაშინვე ეცნობა ბრიტანეთის პარლამენტს. "ეს არი იყო იოლი გადაწყვეტილება, თუმცა სწორი იყო გაერთიანებული სამეფოს სატელეკომუნიკაციო ქსელებისთვის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის, ახლაც და რა თქმა უნდა, შორ პერსპექტივაშიც" - უთხრა კანონმდებლებს ოლივერ დოუდენმა, ბრიტანეთის ციფრული, კულტურის, მედიის და სპორტის მდივანმა. მისი განმარტებით, მომავალ არჩევნებამდე, მათ უკვე ექნებათ დანერგილი კონკრეტული გზამკვლევი, თუ მთლიანად როგორ უნდა აღმოიფხვრას ბრიტანეთის მეხუთე თაობის ქსელებიდან "ჰუავეის" ტექნოლოგიები.

შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინურ კომპანიას ბაზარი გასული წლის მაისში ჩაუკეტა. ვაშინგტონმაც ეს ნაბიჯი მაშინ უსაფრთხოების მოსაზრებით განმარტა.

ერთი წლით ადრე კი, ჯაშუშობის გამორიცხვის მიზნით, "ჰუავეის" მოწყობილობების გამოყენება ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს აეკრძალა. დღეისთვის, ამერიკული კომპანიები ჩინური ტექნოლოგიების გიგანტთან მხოლოდ სტანდარტების შემუშავების და განვითარების კუთხით თანამშრომლობენ.

მეხუთე თაობის ტექნოლოგიების მიღებაზე "ჰუავეის" ასევე უარი უთხრა ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. თუმცა, ჩინურ კომპანიას ფართოდ გაუღო კარი რუსეთმა. თავად "ჰუავეი" ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG