რუსეთმა ოფიციალურად აცნობა ბრაზილიის თვითმფრინავების საგამოძიებო ორგანოს, რომ არ გამოიძიებს ბრაზილიური წარმოების თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს. საუბარია თვითმფრინავზე, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი და მისი თანამებრძოლები ისხდნენ და რომელიც დღემდე დაუდგენელი მიზეზით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა.
ბრაზილიის აერონავტიკული შემთხვევების კვლევისა და პრევენციის ცენტრში ამბობდნენ, რომ საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში. ბრაზილიაში განმარტავდნენ, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტდა, საერთაშორისო კანონების გათვალისწინებით გამოძიება დაეწყო, მაშინ მიწვევის შემთხვევაში ისინიც მზად იყვნენ, რომ მოსკოვს გამოძიებაში დახმარებოდნენ.
ასევე ნახეთ: კრემლი: პრიგოჟინის თვითმფრინავი შესაძლოა სპეციალურად ჩამოაგდესმონრეალში დაფუძნებული გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) თანახმად, ფრენა მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იყო შიდა და არა საერთაშორისო, ამიტომ ის არ ექვემდებარება საერთაშორისო წესებს. შესაბამისად, რუსეთის საავიაციო ორგანო ვალდებული არაა, რომ თვითმფრინავის მწარმოებელი ქვეყნის საგამოძიებო ორგანო მომხდარის გამოსაძიებლად მიიწვიოს.
მიუხედავად ამ გარემოებებისა, ზოგიერთი ყოფილი გამომძიებელი მიიჩნევს, რომ კრემლმა გამოძიება საერთაშორისო წესების დაცვით უნდა ჩაატაროს, რათა გაფანტოს ეჭვები მომხდართან დაკავშირებით. დასავლეთში ბევრს სჯერა, რომ პუტინმა პრიგოჟინზე შური იძია და თვითმფრინავიც მისი ბრძანებით ჩამოაგდეს. თუმცა, კრემლი უარყოფს რომ მათ რაიმე კავშირი აქვთ ავიაკატასტროფასა და პრიგოჟინის სიკვდილთან.