საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარებას აწვდიან, ამბობენ, რომ მათი ტვირთის ადგილზე ჩატანა რამდენიმე კვირით ფერხდება. ამის მიზეზი სატვირთო მანქანების პოლონელი მძღოლების საპროტესტო აქციაა, რომლის გამოც უკრაინის საზღვარი იბლოკება.
გადამზიდავების პროტესტის გამო შეფერხებულ დახმარებაში შედის დრონები, ელექტრონული მოწყობილობები, სატვირთო მანქანები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც უკრაინელებს მოხალისეები და არასამთავრობო გაერთიანებები აწვდიან. ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" სამმა წყარომ დაუდასტურა.
ასევე ნახეთ: უკრაინა-პოლონეთის ახლადგახსნილი საზღვარი პირველმა პოლონურმა სატვირთოებმა გადაკვეთაპოლონეთის საზღვარზე ათასობით სატვირთო მანქანა დგას, მათ უკრაინაში გადასვლის საშუალება არ ეძლევათ. აქცია პოლონელმა მძღოლებმა 6 ნოემბერს დაიწყეს. მსგავსი პროტესტი 1 დეკემბერს სლოვაკმა გადამზიდავებმაც გაიმართეს.
აქციის მონაწილეებს სურთ, რომ შეწყდეს უკრაინელი მძღოლების უნებართვოდ დაშვება ევროკავშირის ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს მომსახურების საფასურს ძალზე ამცირებს და უკრაინელ მძღოლებს პოლონელებთან შედარებით, არათანაბრად ხელსაყრელ ვითარებას უქმნის. საუბარია კონკრეტულ შეღავათებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრებმა უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაუწესეს. კიევი კი აცხადებს, რომ ომის გამო გააქტიურებული ტვირთბრუნვის შემთხვევაში, ნებართვების გაცემის გართულება მთელ სისტემას დააზიანებს და არაპრაქტიკული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეთა ცნობით, ისინი ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უპრობლემოდ ატარებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოთხოვნილ ბევრ პროდუქტს სამოქალაქო ორგანიზაციები ყიდულობენ და მათი მიწოდებაც სამთავრობო დონეზე ორგანიზებული არ არის. შესაბამისად, ამგვარი ტვირთი გადააქვთ არა სამხედრო, არამედ კომერციული სატვირთო მანქანებით, რომლებსაც პოლონელი მძღოლები უკრაინაში არ უშვებენ.