ირანმა მოსკოვი "ტერორისტული ოპერაციის" საფრთხის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა - ამ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს რუსეთზე ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა იყო. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და "კროკუს სითი ჰოლში" სულ მცირე 144 ადამიანი დახოცეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თუმცა მოსკოვი, გარკვეულწილად, კვლავ უკრაინას ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ: რუსული მედია: ტერაქტის გამო, ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავესროგორც ირკვევა, რუსეთი, სავარაუდოდ, ისლამისტი მებრძოლების თავდასხმის შესახებ შეერთებულმა შტატებმაც გააფრთხილა, თუმცა ვაშინგტონისადმი უნდობლობის მიზეზით, მოსკოვმა გაფრთხილებები სერიოზულად არ მიიჩნია. რუსეთს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, როგორც ჩანს, რუსეთს პარტნიორი - ირანიც აფრთხილებდა. ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში სამხედრო და სხვა ტიპის თანამშრომლობა გაღრმავდა.
"რუსეთში თავდასხმამდე, რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვი შესაძლო, დიდი ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ეს ინფორმაცია ირანში მომხდარ მსხვერპლიან დაბომბვებთან დაკავშირებით დაკავებულთა დაკითხვისას გამომჟღავნდა", - უთხრა ერთ-ერთმა წყარომ "როოიტერს".
ასევე ნახეთ: რუსეთში უფლებადამცველებს ტერაქტში ეჭვმიტანილთა წამების საკითხი აშფოთებთირანმა იანვარში 35 პირი დააკავა, მათ შორის ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ავღანეთის ფრთის ლიდერიც. თეირანის მტკიცებით, სწორედ ის უკავშირდებოდა 3 იანვარს ქალაქ კერმანში მომხდარ ორ თავდასხმას, რომელთაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ირანში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო. ამერიკის დაზვერვის ცნობითაც, დაჯგუფების სწორედ ეს კონკრეტული ფრთა იყო პასუხისმგებელი როგორც კერმანის 3 იანვრის, ისე - მოსკოვის 22 მარტის თავდასხმაზე.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც "როიტერი" ესაუბრა, ამბობს, რომ ირანმა მოსკოვს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აცნობა, თუმცა კონკრეტული თარიღი და სამიზნე უცნობი იყო. მესამე წყარო კი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებში მუშაობს, ამბობობს, რომ ირანი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევდა, ეცნობებინა მოსკოვისთვის მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ.
კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ირანისგან მიღებული გაფრთხილებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცის. კომენტარის თხოვნას არ პასუხობენ არც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც - თეთრ სახლში. თუმცა ამერიკის დაზვერვასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ეს ცნობები "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთის მებრძოლთა საუბრების ნაწილების მოსმენის შედეგად მიიღეს. თუმცა, მოსკოვი კვლავ მტკიცებულებების გარეშე ირწმუნება, რომ თავდასხმა უკრაინას უკავშირდებოდა.