ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული მედია: ტერაქტის გამო, ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს 


მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საქმესთან კავშირში მყოფი პირები ტაჯიკეთში დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ დაკავებულია 9 ადამიანი. ამავე მედიასაშუალების ცნობით, დაკავების ოპერაციაში, ტაჯიკ სამართალდამცავებთან ერთად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

დაკავებულებს, ტერორიზმთან ერთად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშიც სდებენ ბრალს.

მანამდე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, ქვეყნის შიგნით დააკავა კიდევ ერთი პირი, რომელიც უწყების განცხადებით, შემხებლობაშია გასულ კვირას მოსკოვის რაიონში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან. კრემლს დაკავებულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია დაკავებულის ვინაობა და მომხდართან მისი კავშირის დეტალები.

ოფიციალური მოსკოვი განმარტავდა, რომ დაკავებული იყო 11 ადამიანი, მათგან ოთხი ტერორისტი, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, დანარჩენი კი ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი.

რუსეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მათ სპეციალური ვიდეოც გაავრცელეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამბობს, რომ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ „ტერაქტში მონაწილე პირებმა, უკრაინიდან მნიშვნელოვანი თანხა და კრიპტოვალუტა მიიღეს, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში გამოიყენეს.“

ოფიციალური კიევი მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს. კიევის მომხდართან კავშირს უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ ტერორისტულ თავდასხმამდე აფრთხილებდა, რომ ტერორისტული აქტი მზადდებოდა. ვაშინგტონში, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დგანან.

რუსეთში ტერორისტულ თავდასხმას, ბოლო ინფორმაციით, 144 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს გაიზარდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულთა ნაწილი მკურნალობის კურსს სახლში, ნაწილი კი საავადმყოფოში აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG