ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში უფლებადამცველებს ტერაქტში ეჭვმიტანილთა წამების საკითხი აშფოთებთ


რუსეთმა 26 მარტს პატიმრობაში დატოვა ყირგიზეთში დაბადებული მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში. ამასთან ერთად, ოთხი მამაკაცის ოჯახის წევრების დასაკითხად, ტაჯიკეთში გამომძიებლები გაიგზავნა. პარალელურად, უფლებადამცველები პატიმართა შესაძლო წამებაზე საუბრობენ.

ამჟამად ტერაქტთან დაკავშირებით წინასწარ პატიმრობაში რვა ეჭვმიტანილი იმყოფება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და მომხდარის ვიდეოც გაავრცელა. შეერთებული შტატების და საფრანგეთის თქმით, დაზვერვის მონაცემებიც მიანიშნებს, რომ ტერაქტი ნამდვილად ამ დაჯგუფებამ მოაწყო, რომლის დროსაც 139 ადამიანი მოკლეს და 182 დაჭრეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდასხმიდან მესამე დღეს თქვა, რომ ტერაქტი ისლამისტმა მებრძოლებმა მოაწყეს, მაგრამ ამასთანავე გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა უკრაინამ, რომელიც რუსეთთან ომშია, ამაში როლი ითამაშა. უკრაინამ ნებისმიერი ტიპის მონაწილეობას უარყოფს.

დაჯგუფებამ არცერთი თავდამსხმელის ზუსტი ვინაობა არ დაასახელა.

რუსეთმა განაცხადა, რომ ოთხმა ეჭვმიტანილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მაგრამ სასამართლოში წარდგენის დროს, ზოგიერთ მათგანს სხეულზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები ჰქონდა, რაც აღძრავს შეშფოთებას, რომ ისინი აწამეს.

ეჭვმიტანილების დაკითხვის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ჩანდა რომ ერთ მათგანს დაკითხვის დროს ყურის ნაწილი მოჭრილი აქვს, სააგენტო „ტასის" ცნობით, რუსეთის ადამიანის უფლებების კომისარმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების პატიმრობაში ყოფნა კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს.

„ტასს" ადამიანის უფლებათა კომისრის, ტატიანა მოსკალკოვას სიტყვები მოჰყავს, რომელმაც თქვა: „აბსოლუტურად მიუღებელია პატიმრების და ბრალდებულების მიმართ წამების გამოყენება“.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG