ავღანეთიდან 2 200-ზე მეტი დიპლომატის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქაბულის აეროპორტიდან სამხედრო თვითმფრინავებით გაიყვანეს. ინფორმაციას დღეს დასავლეთის უსაფრთხოების ოფიციალური პირი ავრცელებს.
თალიბანი კონფრონტაციაზე არ მიდის, ის საკუთარი მთავრობის ფორმირებას ცდილობს და მოსახლეობას მშვიდობის გარანტიებს აძლევს. თალიბები აცხადებენ, რომ მათ მშვიდობა სურთ და არ დაიწყებენ შურისძიებას ყოფილი მტრების მიმართ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ პატივს სცემენ ქალების უფლებებს ისლამური კანონის ფარგლებში.
ამ დაპირებების მიუხედავად, ათეულ ათასობით დასავლეთის წარმომადგენელს თუ ავღანელს სასწრაფოდ ქვეყნის დატოვება სურს. ავღანელებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე, შეერთებული შტატების წინამძღოლობით მოქმედ დასავლეთის ძალებთან თანამშრომლობდა. ქაბულში სამოქალაქო ავიაციის მუშაობა ჯერჯერობით აღდგენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, თუ როდის განახლდება ფრენები.
ასევე ნახეთ: ვინ არიან თალიბები?თალიბებმა, რომლებიც ძალაუფლების დაბრუნებას და ქვეყნიდან უცხოეთის ძალების განდევნას 2001 წლიდან ცდილობდნენ, ქაბული კვირას დაიკავეს. ამერიკასთან და დასავლეთის ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, თალიბანი პირობას დებს, რომ მათზე იერიშს არ მიიტანს და ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს.
ორშაბათს, შეერთებულ შტატებს, რომელიც აეროპორტს აკონტროლებდა, სამხედრო თვითმფრინავების ფრენების შეწყვეტა მოუწია. საქმე იმაში იყო, რომ საფრენ ბილიკებს ათასობით პანიკაში ჩავარდნილი ავღანელი მიაწყდა, რომლებიც თვითმფრინავებში შესვლას ცდილობდნენ. ფრენა მხოლოდ სამშაბათს განახლდა, მას შემდეგ, რაც სიტუაციის კონტროლი შესაძლებელი გახდა.
ნატოს უსაფრთხოების წარმომადგენელი ამბობს, რომ აეროპორტის ჭიშკართან მომხდარ არეულობაში 17 ადამიანი დაშავდა. აეროპორტის უსაფრთხოება ავღანელებს სთხოვდა, იქ არ მოგროვილიყვნენ, თუკი არ ჰქონდათ პასპორტი და ვიზა. ბრიტანეთი ამბობს, რომ ქვეყნიდან 1 000 ადამიანი გამოყვანა, გერმანიამ - 130. საფრანგეთმა 25 ფრანგის და 184 ავღანელის გაყვანა შეძლო, ავსტრალიამ - 26 ადამიანის.
ამ მოვლენების პარალელურად, თალიბანი ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს. ავღანეთში დაბრუნდა თალიბების ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი მულა აბდულ ღანი ბარადარი. ის ქვეყანაში 10 წელზე მეტია არ ყოფილა.
ასევე ნახეთ: ნატოს გენერალურმა მდივანმა ავღანეთის საკითხზე ბრიფინგი ჩაატარათალიბები ამბობენ, რომ ღიად იმოქმედებენ და მსოფლიოს აღარ დაემალებიან, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ. "თანდათან, ნელ-ნელა, მსოფლიო ჩვენს ლიდერებს გაიცნობს" - უთხრა "როიტერს" თალიბანის ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, "საიდუმლოებათა აჩრდილი აღარ იქნება". თალიბების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი მეთაური და ჰაქანის ქსელის სამხედრო დაჯგუფების ლიდერი უკვე შეხვდა მოსალაპარაკებლად ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის.
სამშაბათს თალიბებმა ქაბულში პირველი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც თქვეს, რომ თავის კანონებს გაცილებით უფრო მსუბუქად შემოიღებენ, ვიდრე ეს 1996-2001 წლებში ხდებოდა. "ჩვენ არ გვინდა არანაირი არც შიდა და არც გარე მტრები" - უთხრა ჟურნალისტებს ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, თალიბანის მთავარმა პრესსპიკერმა.
მუჯაჰიდის თქმით, ქალებს სწავლის და მუშაობის საშუალება მიეცემათ. ისინი "საზოგადოებაში ძალიან აქტიურები იქნებიან ისლამის ჩარჩოების გათვალისწინებით" - აცხადებს თალიბანის პრესსპიკერი. თუმცა, ავღანეთში მათი წინა მმართველობის დროს, როცა ისლამური რჯულის კანონი, შარიათი შემოიღეს, გოგონებს - სკოლაში სიარული და ქალებს მუშაობა ეკრძალებოდათ. ისინი ვალდებულები იყვნენ ყველაზე კონსერვატიული სამოსი, ბურქა ცმოდათ და სახლიდან თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე არ გასულიყვნენ.
ასევე ნახეთ: კანონმდებლები და ანალიტიკოსები ავღანეთზე ბაიდენის პასუხისმგებლობას არაერთგვაროვნად აფასებენ