იაპონიის ატომურ ელქტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ ევროპელები ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების პრობლემებზე დააფიქრა.
ევროპის ქვეყნების მთავრობებმა უკვე მოახდინეს რეაგირება იაპონიის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერი მიწისძვრისგან წარმოქმნილი ცუნამით იყო გამოწვეული.
შვეიცარიამ ახალი ბირთული რეაქტორების მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში დახურავს 7 მოძველებულ ატომურ ელეტროსადგურს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ყოფილმა მთვარობამ ამ ქვეყნის ჩვიდმეტივე ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანგელა მერკელმა გააუქმა ეს დადგენილება.
ევროპის სხვა ქვეყნებმა ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ გააკეთეს განცხადება. აღსანიშნავია რომ საფრანგეთში 58 ატომური ელექტროსადგური მუშაობს.
იან ჰავერკამპი ევროკავშირის ექსპერტია ბირთვულ საკითხებში, რომელიც გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ზე მუშაობს. მისი თქმით ატომურ ენერგიასთან დაკავშირებით ევროპელების შეშფოთება დადებითი მოვლენაა:“ ეს კარგია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ზოგიერთი ქვეყნები იაპონიაში მომხდარი კატასტროფიდან არანაირი დასკვნების გაკეთებას არ აპირებენ. ამ მხრივ სლოვაკეთი, პოლონეთი და იტალია ჯერ კიდევ ღრმა ძილში იმყოფებიან.“
იტალიის გარემოს დაცვის მინისტრის სტეფანია პრესტიჯიაკომოს განცხადებით ამ ქვეყნის ხელისუფლება არ გეგმავს ბირთვული ენერგეტიკის აღორძინების შეჩერებას იაპონიაში შექმნილი ვითარების გამო.
არადა 25 წლის წინათ რეფერენდუმზე იატალიელებმა ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეჩერებას დაუჭირეს მხარი.
ბატონი ჰავერკამფის განცხადებით ჩერნობილში 1986 წელს მომხდარმა კატასტროფამ კაცობრიობას ბირთვული ენერგიის განვითარებისგან მომავალი საფრთხე დაანახა, მაგრამ ამ ბოლო დროს ევროპელებმა ატომური ენერგიის აღორძინება გადაწყვიტეს. მისი თქმით:“ ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო ბირთვული ენერგიის განვითარების გამო, უკანასკნელმა მოვლენებმა კი ყველას შეახსენა, რომ ამ საკითხთან უფრო კრიტიკული მიდგომაა აუცილებელი.“
იაპონიის ხელისუფლების განცხადებით ფუკუსიმას ატომური ელეტროსადგურზე რადიაციამ საშიშ ზღვარს მიაღწია. ამის გამო ბირთვული ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები 140 000 ადამიანი საკუთარ სახლებშია გამოკეტილი.
მიუხედავად ამისა ბრიუსელში ევროპის ატომური ინდუსტრიის სავაჭრო ასოციაციის FORATOM-ის დირექტორი რიჩარდ ევანსი აცხადებს, რომ იაპონიაში შექმნილი საგანგაშო ვითარება არ ნიშნავს, რომ ევროპაში ანალოგიური სიტუაციის განმეორების საშიშროება არსებობს.
მისი თქმით:“ ევროპა არ იმყოფება იაპონიის მსგავს სეისმოაქტიურ ზონაში და აქ ამგვარი ცუნამის ალბათობა ძალზე მცირეა.“
ბატონი ევანსის აზრით ბირთვული ენერგიის გარეშე ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების განვითარება შეუძლებელია.