იაპონელი სამხედროები სპეციალური დანიშნულების სახანძრო მანქანებს იყენებენ, რომლებიც მიწისძვრისგან დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორების გაგრილებას ცდილობენ.
მანამდე იაპონელები შვეულმფრენების საშუალებით ცდილობდნენ ხანძრების ჩაქრობას, მაგრამ მაღალი რადიაციის გამო პილოტების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ ამ გეგმაზე.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის ტოშიმი კიტაზავას განცხადებით მეტის დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და გადამწყვეტი ზომების მიღება იყო საჭირო, მაგარმ ოთხი ცდის მიუხედავად სატელევიზიო გადაცემაში კარგად გამოჩნდა რომ შვეულმფრენებით სპეციალური კონტეინერებიდან გადმოსხმულა წყალმა თავის მიზნმადე ვერ მიაღწია.
ტოკიოდან 240 კილომეტრით დაშორებულ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონემ იმგვარ ნიშნულს მიაღწია, რომ ბირთვული რეაქტორების მომსახურე პერსონალმა დატოვა ობიექტი.
შეერთებული შტატების მთავრობამ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები რომ 80 კილომეტრის მანძილზე არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ ობიექტს. რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ კი უკვე დაიწყო საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ტოკიოდან.