ევროკომისიამ, ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას, პოლონეთს უნგრეთსა და სლოვაკეთს მოუწოდა კონსტრუქციულები იყვნენ, უკრაინის მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებით. კომისიამ განცხადება კვირას, მას შემდეგ გაავრცელა, რაც იმპორტის აკრძალვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სამმა ქვეყანამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.
„ჩვენთვის ცნობილია, ცალმხრივ ზომებთან დაკავშირებით, ზოგიერთი წევრი ქვეყნის განცხადების შესახებ. რაც ახლა მნიშვნელოვანია ის არის, რომ ყველა ქვეყანამ კომპრომისის სულისკვეთებით იმუშაოს და ჩართულობა კონსტრუქციული იქნება“ - თქვა კომისიის სპიკერმა.
უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი იყო, სანამ რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შეამცირა მისი შესაძლებლობები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გლობალურ ბაზრებზე, შავი ზღვის პორტების გავლით გაეტანა. მას შემდეგ, უკრაინელი ფერმერები მარცვლეულის ექსპორტს მეზობელი ქვეყნებიდან ახორციელებდნენ.
თუმცა, მეზობელ ქვეყნებში მარცვლეულის ჭარბმა ნაკადმა, გავლენა მოახდინა ადგილობრივი ფერმერების შემოსავალზე და მთავრობები აიძულა უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტი აეკრძალათ.
ცალკეული ქვეყნების ცალმხრივად მოქმედების თავიდან ასაცილებლად, მაისში საკითხში ევროკავშირი ჩაერთო და უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში იმპორტზე საკუთარი აკრძალვა დააწესა. ევროკავშირის აკრძალვის თანახმად, უკრაინას უფლება ჰქონდა პროდუქციის ექსპორტი ამ ქვეყნების გავლით განეხორციელებინა იმ პირობით, რომ პროდუქცია სხვაგან გაიყიდებოდა.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ პირობა დადო, რომ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად ზომებს მიიღებდა, ევროკავშირის ამ აკრძალვის ვადა პარასკევს ამოეწურა.
ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა პოლონეთში, რომელსაც ოქტომბერში არჩევნები ელის და სადაც ფერმერები მმართველი ნაციონალისტური პარტიის PiS-ის მთავარი ამომრჩევლები არიან.
პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა პარასკევს განაცხადეს, რომ კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე საკუთარ შეზღუდვებს შეინარჩუნებენ.
”ჩვენი აქცენტი ახლა არის ახალი სისტემის დანერგვასა და მის მუშაობაზე” - თქვა კომისიამ. მისივე განცხადებით, ორშაბათს ევროკავშირის ყველა დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ამ საკითხის შემდგომი განხილვის შესაძლებლობას შექმნის.