ფედერიკა მოგერინი ამბობს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთზე სანქციების დაწესება არ განიხილება. ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დისკუსია მხოლოდ სირიის პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფ მთავრობის წევრებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
მოგერინის მიერ დღეს, ლუქსემბურგში მედიასთან გაკეთებულ კომენტარს ერთი დღით წინ უძღოდა ჯონ კერის განცხადება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სირიაში მიმდინარე დაბომბვების გამო გაფრთხილება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გააკეთა და მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ჩართულობა სირიის მთავრობის სამხედრო ოპერაციებში.
სირიის თემა ამ დღეებში გამართულ რამდენიმე მოლაპარაკებაზე დომინირებდა. კვირას ჯონ კერი ბრიტანელ კოლეგას ბორის ჯონსონს შეხვდა. შაბათს კი შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სხვა დიპლომატებთან გამართა.