ამბოხი რუსეთში - ევროპელ ლიდერთა შეფასებები

"ვაგნერის" მებრძოლები დონის როსტოვში. 24 ივნისი, 2023 წ. რუსეთი.

ბრიტანეთი

რიში სუნაკი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლონდონი, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ყურადღებით აკვირდებოდა.

„ძალიან ადრეა დარწმუნებით იწინასწარმეტყველო, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. მაგრამმ რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის ვიქნებოდით - მთელი რიგი სცენარებისთვის“ - განაცხადა სუნაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს არის ვითარება, რომელსაც ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ვაანალიზებდით. რადგან, ჩვენთვის ცნობილია, „ვაგნერის“ დაჯგუფებასა და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის შესახებ“ - ამბობს ბრიტანეთის რემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ: პრიგოჟინის დღეები დათვლილია - სტავრიდისი

ევროპის კავშირი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, რუსეთში შეწყვეტილი ამბოხი აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი, იწვევს რუსეთის შიდაარეულობას და ძირს უთხრის მის სამხედრო ძალას. მაგრამ, დღეს გაკეთებულ განცხადებებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი აქცენტი კიევის მხარდაჭერაზე რჩება.

„[რუსეთის] პოლიტიკური სისტემა სისუსტეებს აჩვენებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში გადავიდეს“ - განაცხადა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა განცხადება ლუქსემბურგში, ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის პარალელურად გააკეთა. მისი თქმით, ახლა დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს ისე, როგორც არასდროს.

ევროკავშირის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის პირისპირ, ახლა მისივე შექმნილი „მონსტრია“: „მონსტრი, რომელიც პუტინმა „ვაგნერის“ სახით შექმნა, ახლა თავად მას კბენს. მონსტრი საკუთარი შემქმნელის წინააღმდეგ მოქმედებს“ - ამბობს ბორელი.

ნატო

„ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ, შაბათ-კვირას წამოწყებულმა და სწრაფადვე შეწყვეტილმა ამბოხმა, უკრაინასთან ომის წარმოებაში, კრემლის სტრატეგიული შეცდომის მასშტაბი აჩვენა, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

„შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე, და კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრაცია, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმეგ ომით დაუშვა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ლიეტუვაში ვიზიტისას.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და ამის შეცვლას რუსეთი ვერ შეძლებს.

23-24 ივნისის მოვლენები

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები მის დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა რუსეთში. ამ ქმედებას მან რუსეთის კორუფციაში ჩაფლული სამხედრო ჩინოვნიკების წინააღმდეგ გამართული „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

ასევე ნახეთ: შეწყვეტილი ამბოხი: რას ნიშნავს ეს პუტინის რუსეთისთვის

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებდნენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობდა „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ მათ ესმოდათ ბრძოლის ხმები.

შაბათს გვიან, ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვამდე "ვაგნერის" მეომრებთან ერთად ნახევარი გზა გაიარა, თქვა, რომ ის აჩერებს თავის „სამართლიანობისთვის მარშს“ დედაქალაქისკენ. ამის მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მომხდარი გარიგება იყო, რომელიც მას და მის დაქირავებულ პირებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისგან დაიცავს. გარიგებით, პრიგოჟინი ბელარუსში გადასახლდება.