ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეწყვეტილი ამბოხი: რას ნიშნავს ეს პუტინის რუსეთისთვის


"ბზარები" რუსეთის ხელისუფლებაში - ასე შეაფასა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებული მოვლენები. რუსული სამხედრო კერძო დაჯგუფების „ვაგნერის“ მიერ გამოცხადებული აჯანყება, ხანმოკლე აღმოჩნდა.

„ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა 24 ივნისს, შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდების მუხლით აღძრული საქმე უკან იქნა გაწვეული, თავად პრიგოჟინი ბელარუსს შეაფარებს თავს და მისი მებრძოლების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს. შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რა მოტივი ამოძრავებდა პრიგოჟინს და რას ნიშნავს მომხდარი, რუსეთის ხელისუფლებისთვის? მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ვაგნერის“ მოსკოვისკენ მარშმა, რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების სისუსტეები აჩვენა.

„პირველი, რაც გამოჩნდა არის ის, რომ ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სუსტია, ცუდ დღეშია, პათეთიკურია და მხოლოდ უსახლკარო ბავშვებთან, ქალებთან, და დემონსტრაციებზე სტუდენტებთან და ბებიებთან ბრძოლა შეუძლია“, - ამბობს რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, კარინა ორლოვა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. „ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ევგენი პრიგოჟინი ისტერიული კაცია, რომელსაც იაფი კლოუნადა და სპექტაკლები უყვარს. ეს სიახლე არაა. სიახლე ისაა, რომ ორივემ პრიგოჟინმა და პუტინმა გვაჩვენეს, რომ ვისაც მოესურვება, შეუძლია ღიად წავიდეს მოსკოვისკენ და ჩამოაგდოს პუტინი“, - ამბობს ის.

"ვაგნერის" ჯარისკაცებმა დატოვეს რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქი დონის როსტოვი და ბაზებზე ბრუნდებიან. შეწყვეტილი ამბოხება აჩენს კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების სიმტკიცის შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ის რეპრესიებით მართავს.

„პუტინი სუსტია“, - ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. „შიშები, რაც ვაშინგტონში ისმის, რომ თუ უკრაინას დავეხმარებით, პუტინი ბრძოლის ველზე ვითარების ესკალაციას მოახდენს, დადასტურდა, რომ უსაფუძვლოა. თუ მეტ დახმარებას მისცემ [უკრაინას] პუტინი უკან დაიხევს... პრიგოჟინი შეიძლება მოკლან ნებისმიერ დროს. არ ვიცით რა იქნება. თუმცა რა არის აქედან გაკვეთილი? ის, რომ ის ძალით აღუდგა წინ პუტინს, და როცა ძალით წინ უღდგები მას, ის უკან იხევს. უკან იხევს ჩვეულებრივი ხულიგნის წინაშეც კი და ეს არის გაკვეთილი უკრაინისთვის, ვაშინგტონისთვის, გერმანიისთვის და საქართველოსთვის“, - ამბობს ილვესი.

62 წლის პრიგოჟინმა, პუტინის ყოფილმა მოკავშირემ, რომლის ძალებმაც უკრაინაში 16-თვიანი ომის ყველაზე რთულ და სისხლიან ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა, თქვა, რომ მოსკოვისკენ წინსვლა მიზნად ისახავდა კორუმპირებული და არაკომპეტენტური რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის ჩამოგდებას, რომლებსაც ის ომის არასწორ წარმართვაში ადანაშაულებს. ზუსტად რა შეთანხმებას მიაღწია მან კრემლთან და რას ნიშნავს მისი ბელარუსში გადასახლება, ჯერ სპეკულაციის საგანია.

„ჯერჯერობით არ ვიცით რა იქნება და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რასაც უნდა დავაკვირდეთ, არის ის, შეინარჩუნებს თუ არა პრიგოჟინი კონტროლს "ვაგნერზე" როცა ბელარუსში წავა. გააგძელებს თუ არა ვაგნერი არსებობას. დღეს ვნახეთ, რომ ვორონეჟში „ვაგნერის“ გაწვევის ერთი პუნქტი გაიხსნა, შეიძლება ეს იყოს ინდიკატორი, რომ ის შეინარჩუნებს სტატუსს“, - ამბობს „ვაგნერის“ მკვლევარი ჯონ ლეჩერი.

ლეჩერის თქმით ასევე უცნობია, ვიხილავთ თუ არა ცვლილებებს რუსეთის თავდაცვის სისტემაში და დარჩებიან თუ არა პოსტებზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის თავმჯდომარე ვალერი გერასიმოვი. ასევე უცნობია, რა ელის თავად პრიგოჟინს.

„ვფიქრობ, რომ ეს [პრიგოჟინის მხრიდან] უფრო ხელისუფლებისადმი მიმართვა იყო, ვიდრე რეალური გადატრიალების მცდელობა. ეს იყო სურვილი დაეჯაბნა მისი მეტოქეები. რბილად რომ ვთქვათ, ის უკიდურესად იმედგაცრუებული იყო პუტინის გადაწყვეტილებით დაექვემდებარებინა „ვაგნერი“ თავდაცვის სამინისტროსთვის... აღმოჩნდა, რომ მისთვის საფასური იმდენად მაღალი იყო, რომ გადაწყვიტა ძალის გამოყენება, რათა ამ გზით მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო", - ამბობს ლეჩერი.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვიდან ჯავშანტექნიკა, ტანკებისა და ავტობუსების კოლონები გაიყვანეს, ადგილობრივი მოსახლეობის საზეიმო შეძახილების ფონზე. ბევრი ადამიანი „ვაგნერის“ მებრძოლებთან და პრიგოჟინთან ფოტოებს იღებდა და მათ ზარ-ზეიმით ხვდებოდა. ექსპერტების თქმით, სახალხო სიხარული, კრემლისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ვიხილეთ, არის ის, თუ როგორ უყურებენ რუსები მომხდარს“, - ამბობს კარინა ორლოვა „ამერიკის ხმასთან“ აუდიო ინტერვიუში. „როსტოვში გუშინ დავინახეთ, რომ რუსი ხალხი მიიღებს [პუტინის] ჩამნაცვლებელს, თუ ის ორიგინალს ჰგავს“ , - ამბობს ის.

უკრაინის მხარის თქმით, არეულობის ფონზე რუსეთს ფრონტიდან საკუთარი ჯარი არ გაუყვანია, თუმცა მიუხედავად ამისა, კიევის თქმით „ქაოსი რუსეთში“ მის ინტერესებშია. ამ დრომდე, უცნობია გაგრძელდება თუ არა ვაგნერის 25,000-ზე მეტი მებრძოლის ჩართულობა უკრაინის ფრონტზე, თუ ისინი აღარ ითამაშებენ როლს, უკრაინასთან ომში.

XS
SM
MD
LG