ევროკავშირმა კიევს, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს

ევროკავშირი განიხილავს სანქცირებული მსხვილი რუსი ბიზნესმენების აქტივების გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის,- ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო “ბლუმბერგი” იტყობინება.

ამავე გამოცემის თანახმად, ეს ინიციატივა განხილვის ძალიან ადრეულ ეტაპზეა და ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არაა. საბოლოოდ, ევროპული ბლოკის ყველა წევრი ქვეყანა გადაწყვეტს, თუ როგორ მოხდება ევროკავშირის მიერ ამ თანხების განკარგვა.

ასევე ნახეთ: პოდოლიაკი: გერმანიის ხელისუფლების განცხადებები რუსეთს „მასობრივი მკვლელობისკენ აქეზებს“

აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ დროისთვის თანხები გაყინულია და დასძინა, რომ ფონ დერ ლაიენს ამ საკითხის შესწავლა არ მოუთხოვია.

ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი შეიმუშავეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ. კრემლთან დაახლოებული ათობით ბიზნესმენი ასევე აღმოჩნდა შეზღუდვების ქვეშ, რის შემდეგაც დაიწყო მათი აქტივების დაბლოკვა.

ასევე ნახეთ: რუსეთი დღემდე 400-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა

მხოლოდ იტალიას, როგორც მთავრობის ანგარიშებიდან ირკვევა, გაყინული აქვს დაახლოებით 780 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები, აღნიშნავს Bloomberg-ი. ზომები შეეხო რუსი ოლიგარქების კუთვნილ სუპერიახტებს, კერძო თვითმფრინავებსა და უძრავ ქონებას.

მთლიანობაში, ევროკავშირის მიერ დღემდე დაწესებული სანქციები რუსეთის 877 მოქალაქესა და 62 კომპანიას შეეხო.