ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის მხარდაჭერის გაღრმავებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბლოკი ცდილობს, რომ უკრაინას ამ ზამთარს ბუნებრივი აირთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნას, რადგან რუსეთის მხრიდან მომარაგების საკითხზე შეშფოთება იზრდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი და შარლ მიშელი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ასევე ნახეთ: "ჩრდილოეთის ნაკადის" წინააღმდეგობრივი დინება"ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ თქვენთან, რომ გავზარდოთ გაზის მოცულობა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მოდის. ეს გულისხმობს ისეთ ვარიანტზე მუშაობასაც, როგორიცაა სლოვაკეთიდან მილსადენის დინების მიმართულების შეცვლა. უკრაინა რჩება და უნდა დარჩეს სანდო სატრანზიტო ქვეყანად ევროპისთვის გაზის მიწოდების კუთხით", - ამბობს ფონ დერ ლაიენი.
ეს შეხვედრა უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტი იყო. იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზარდი წნეხის ქვეშ ექცევა, შიდა რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არასაკმარისი პროგრესის გამო.
გაზით მომარაგების საკითხი როგორც უკრაინის, ისე ევროპული ბაზრებისთვის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური, რადგან ტემპერატურამ რეგიონში მკვეთრად დაიკლო და გაზის ფასიც რეკორდულად გაიზარდა.
უკრაინა, ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, დიდწილად რუსულ გაზზეა დამოკიდებული და ფასის ზდაშიც სწორედ მოსკოვის სახელმწიფო კომპანიას, "გაზპრომს" ადანაშაულებს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფასის ზრდას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უფრო ნაადრევი და ცივი ზამთარი, შეფერხებები ნორვეგიულ მომარაგებაში და ასევე ამერიკიდან თხევადი ბუნებრვი აირის მარაგის აზიური ბაზრისკენ მიმართვა.