ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელის მემკვიდრეობა


კანცლერი მერკელი ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრაზე მივიდა. 26 სექტემბერი, 2021.
კანცლერი მერკელი ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრაზე მივიდა. 26 სექტემბერი, 2021.

გერმანელები დღეს ახალ ბუნდესტაგს, ფედერალურ პარლამენტს ირჩევენ. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, თუ ვინ ჩაანაცვლებს ანგელა მერკელს, კანცლერს, რომელიც ქვეყანას 16 წელია მართავს.

ანგელა მერკელის წასვლით სრულდება მთელი ეპოქა, არამარტო გერმანიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

67 წლის ანგელა მერკელი ქვეყნის პირველი და ამ დრომდე უკანასკნელი ქალი კანცლერია. ის გერმანიას 2005 წლიდან მართავს და ძალაუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით ქვეყნის ისტორიაში რიგით მესამეა. მასზე დიდხანს გერმანიას მართავნდნენ ოტო ფონ ბისმარკი მე-19 საუკუნეში და ჰელმუტ კოლი მე-20 საუკუნეში.

ბოლო 16 წლის განმავლობაში გერმანიის პოლიტიკა სწორედ მერკელის ირგვლივ ტრიალებდა. ვითარება მსგავსი იყო ევროკავშირის შემთხვევაშიც. მერკელს განიხილავდნენ, როგორც 27 წევრისგან შემდგარ ბლოკში, ყველაზე დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსს, რთული დავების განმუხტვის უნარით.

ბრექსიტის პროცესის დაწყებისა და დასრულების დროს, ბრიტანელი პრემიერები, კამერონი და ჯონსონი, სწორედ მერკელის დახმარებისა და მხარდაჭერის იმედად იყვნენ. მხოლოდ მერკელთან მოლაპარაკებების შედეგად შეძლო ბრიტანეთმა ევროკავშირიდან ისე გასვლა, რომ სრულად არ გაეწყვიტა ურთიერთობები ბლოკთან.

2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროსაც, მერკელმა ითამაშა უდიდესი როლი ევროკავშირის ვალუტის გადარჩენაში. „თუ ევრო დაეცემა, ევროპაც დაეცემა“,- თქვა მაშინ ანგელა მერკელმა.

მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დავალიანების მქონე სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის მკაცრი ეკონომიკური ზომების დაწესებისა და ამავდროულად, ფინანსური დახმარების გაცემის საქმეში იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირდათ.

„კრიზისის მენეჯმენტი ყოველთვის იყო მისი ძლიერი მხარე, იქნებოდა ეს ევროს გადარჩენა გლობალური კრიზისის დროს 2009 წელს, თუ ევროპის ერთიანობის დაცვა დევნილების კრიზისის დროს, ან ახლა, პანდემიასთან გამკლავებისას“,- ამბობს ჯუდი დემფსი, „კარნეგის ფონდის“ მკვლევარი.

თუმცა, დემფსი, ანგელა მერკელის პოლიტიკურ დანატოვარს „ორაზროვანს“ უწოდებს. საგარეო პოლიტიკაში „ მისი მემკვიდრეობა არათანმიმდევრულია, განსაკუთრებით რუსეთთან, ჩინეთთან და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოსთან დაკავშირებითაც“,- ამბობს მკვლევარი.

მერკელის ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ გერმანიის კანცლერი საკმარისად მკაცრი არ იყო რუსეთთან ურთიერთობის დროს და ზემდეტად მზად იყო იმისთვის, რომ მოგებასა და ბიზნესს განესაზღვრა გერმანიის ურთიერთობები პეკინთან.

მკვლევრების ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ მერკელის გადაწყვეტილებები, ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითი არ გახლდათ. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში, კანცლერს უბრალოდ უწევდა იმის გაკეთება, რაც საჭირო იყო.

„ევროპაში, დიდმა რეცესიამ და ევროპის საკრედიტო კრიზისმა, მერკელი იმ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც მას 20-ზე მეტი სახელმწიფოს ეკონომიკის დასტაბილურება უნდა ეცადა“,- ამბობს რობერტ ტერელი, სირაკუსის უნივერსიტეტის პროფესორი.

მერკელს ფრთხილი პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს, თუმცა ის არ იყო ფრთხილი, როდესაც საქმე 2015-16 წლების მიგრაციის კრიზისს ეხებოდა. მაშინ ევროპაში ასობით ათასი თავშესაფრის მაძიებელი მიიღეს ახლო აღმოსავლეთიდან, სუბსაჰარული აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან.

მერკელის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისმა ღია კარის პოლიტიკამ წაახალისა მიგრაციის ტალღები, რამაც ხელი შეუშალა ევროპას და გააძლიერა პოპულისტური, ნაციონალისტური პარტიები.

”დევნილთა კრიზისი კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო მისი კანცლერობის დროს, რაც უდავოდ გადამწყვეტ როლს შეასრულებს მისი მემკვიდრეობის ფორმირებაში, ” - ამბობს ტერელი. „მერკელის გადაწყვეტილებამ 2015 წელს, მილიონზე მეტი დევნილისთვის გაეღო კარი, ერი ორად გაყო“,- მიიჩნევს მკვლევარი.

თუმცა, ღია საემიგრაციო პოლიტიკა პრობლემა არ ყოფილა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. მერკელის ასეთმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილშიც გამოიწვია უკმაყოფილება. მათ შორის იყვნენ პოლონეთი, ავსტრია და უნგრეთი.

მერკლემა თავისი 16-წლიანი მმართველობის დროს, ცვლილებები პარტიაშიც შეიტანა. „მერკელის ლიდერობისას, გერმანია შეიცვალა. მან კონსერვატიული, კაცებით დომინირებული კათოლიკური პარტია ცენტრისკენ გადახარა, რაც ადვილი საქმე არაა ისეთი ადამიანისთვის, ვინც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა და ვისი მამაც ლუთერანი პასტორი იყო“,- ამბობს დემფსი.

პარტიაში ცვლილებები არ იყო ერთადერთი, რაც მერკელმა შეძლო, მან გერმანიაში გარკვეული ლიბერალური ცვლილებებიც გაატარა: „მან გააუქმა სავალდებულო სამხედრო გაწვევა, ეტაპობრივად დათანახმდა ერთსქესიანთა ქორწინებას, მისცა მშობლებს მეტი მოქნილობა შვებულებაში გასვლისა, ახალშობილის დაბადების შემდეგ და მხარს უჭერდა მინიმალური ხელფასის განსაზღვრას“,- განმარტავს დემფსი.

მერკელის მომხრეები მას ასევე აქებენ გერმანიის 17 ატომური სადგურის გაუქმების გამო. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო იმის ფონზე, როცა ქვეყანაში ამას ბევრი და გავლენიანი ენერგეტიკული ლობისტი ეწინააღმდეგებოდა.

საბოლოო ჯამში, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ მერკელის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო კონფლიქტის თავიდან არიდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა. ეს კი განსაკუთრებული საჩუქარი იყო გერმანელებისთვის.

2008 წელს, როცა რუსეთი საქარღთველოში შეიჭრა, გერმანიას ანგელა მერკელი უძღვებოდა. იქამდე ის თბილისითვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას უპირისპირდებოდა. ეს ცოტა ხნის წინ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმაც მოიგონა, როგორც „მთავარი უთანხმოება“ მასსა და კანცლერს შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG