დღეს, კალიფორნიის შტატის ამომრჩევლები, დემოკრატი გუბერნატორის, გავინ ნიუსომის გაწვევის საკითხს კენჭს უყრიან.
ორშაბათს საღამოს, შტატის სამხრეთის ქალაქ ლონგ ბიჩში ბოლო საკამპანიო შეხვედრაზე, ნიუსომს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეუერთდა, რათა მისთვის მხარდაჭერა ეჩვენებინა და დემოკრატებისთვის მოეწოდებინა, საარჩევნო უბნებზე გაწვევისთვის ხმა არ მიეცათ.
“ახლა ქვეყანა კალიფორნიას შეჰყურებს, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ, უზარმაზარ გავლენას არა მხოლოდ კალიფორნიაზე იქონიებს, ეს მთელ ქვეყანაზე და გულწრფელად, ხუმრობის გარეშე, მთელ მსოფლიოზე აისახება", - მიმართა ბაიდენმა შეკრებილებს.
გუბერნატორის გაწვევა რესპუბლიკელებმა წამოიწყეს, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ნიუსომის მკაცრი წესებით, მათ შორის სკოლების დაკეტვით და მცირე ბიზნესების, როგორიცაა ბარები და რესტორნები, შეზღუდვებით იყვნენ აღშფოთებული. ორგანიზატორებმა რეგისტრირებული ამომრჩევლების საკმარისი ხელმოწერები შეაგროვეს იმისთვის, რომ გაწვევის საკითხი საარჩევნო ბიულეტენში შეეტანათ.
კალიფორნიელებს სთხოვენ უპასუხონ “დიახ” ან “არა” კითხვაზე, ნიუსომი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ თუ არა. საკმარისი რაოდენობის “დიახ” ხმების შემთხვევაში, ნიუსომს შეცვლის კანდიდატი, რომელსაც ხმების მარტივი უმრავლესობა ექნება. ამომრჩეველთა გამოკითხვები აჩვენებს, რომ 40-ზე მეტ პრეტენდენტს შორის მოწინავე პოზიციას, ლარი ელდერი, მტკიცე კონსერვატორი რადიო წამყვანი, იკავებს.
ნიუსომი დემოკრატებს შორის ცნობილი ფიგურაა. 2018 წელს გუბერნატორად არჩევამდე, ნიუსომი ქალაქ სან-ფრანცისკოს მერი და კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორი იყო. დემოკრატებით დომინირებულ შტატში მისი დამარცხება, ბაიდენისთვის და კონგრესის დემოკრატებისთვის, რომლებიც მომავალი წლის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან, დიდი პრობლემების ნიშანი იქნება, მაგრამ ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ნიუსომი კამპანიაში სოლიდურ ლიდერობას ინარჩუნებს.
ნიუსომი კალიფორნიის მეორე გუბერნატორია, რომელიც გაწვევის წინაშე აღმოჩნდა. პირველად 2003 წელს დემოკრატი გრეი დეივისი გაიწვიეს, რომელიც ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა ჩაანაცვლა.
Facebook Forum