ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი დასავლეთ შტატების გუბერნატორებს ხვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ქვეყნის დასავლეთით მდებარე 8 შტატის დემოკრატ და რესპუბლიკელ გუბერნატორს ხვდება. ეს შტატებია: კალიფორნია, კოლორადო, ნიუ-მექსიკო, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, იუტა და ვაიომინგი.

რეგიონში იშვიათ გვალვებთან გამკლავება უწევთ, რის გამოც, თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან ვიდეოკონფერენციით დაგეგმილი საუბარი უმთავრესად ხანძრების რისკებს და მათთან ბრძოლის პრობლემებს შეეხება. ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ უთხრა, რომ შეხვედრაზე "ფოკუსირება მოხდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ფედერალურ მთავრობას დაეხმაროს ხანძრებისთვის მზაობას და მათზე რეაგირებას, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას და საგანგებო საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი დახმარების მიწოდებას".

პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ იქნებიან რეგიონში მდებარე 3 შტატის არიზონის, აიდაჰოს და მონტანის გუბერნატორები. ამის გამო, მონტანის გუბერნატორმა გრეგ ჯიანფორტემ პარასკევს უკმაყოფილება სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოხატა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან პრეზიდენტმა "სასაუბროდ არ მიიწვია მწვავე ხანძრების სეზონის რისკის ქვეშ მყოფი მონტანა და სხვა შტატები".

შეერთებული შტატების გვალვების მონიტორინგის სააგენტო განსაკუთრებით დიდ გვალვებს ელოდება არიზონაში, კალიფორნიაში, ნიუ-მექსიკოში, ნევადაში და იუტაში. ამ შტატებში ხანძრების საშიშროება მომდევნო რამდენიმე თვეში განსაკუთრებით მაღალი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG