ევროკავშირი ორშაბათს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ. ისინი განიხილავენ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სისტემატურ, ძალისმიერ დაშლას შეეხება.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ დამატებით ზომებს, მათ შორის - სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე, წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში. თუმცა, ასევე მოსალოდნელია, რომ უნგრეთი დაბლოკავს სანქციებს საქართველოს მმართველი გუნდის მიმართ.

ასევე ნახეთ: მაკრონმა ივანიშვილს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვა - ელისეს სასახლე

ევროპის კავშირის კანონმდებლები მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წამყვანი ფიგურების მიმართ სანქციების დაწესებისკენ უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორგანიზაციის თქმით, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ქვეყანას კულუარებიდან მართავს.

ჯერ კიდევ ივნისში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი "დეფაქტო" გაყინულია. ეს ნაბიჯი საქართველოში რუსული სტილის, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებას მოჰყვა, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა.

11 დეკემბერს ორი კვირა შესრულდა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო პროევროპული აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.

ამ ხნის განმავლობაში, საპოლიციო ძალებმა პროევროპული დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბია, დააკავა 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. აქციის მონაწილეები დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველმა იზოლატორებში და კლინიკებში 337 ადამიანი მოინახულა. მათგან 157-ს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა, 225 კი არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.