ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების ძალადობა დაგმო.
ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა:
"თავისივე ინიციატივით, პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს. მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა უსამართლოდ დაკავებული ყველა ადამიანის (საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თარგმანის მიხედვით "უკანონოდ დაკავებული ადამიანის") გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება.
ის გამოვიდა მოწოდებით ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა", - ვკითხულობთ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ პირველად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ელისეს სასახლის განცხადების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ და თქვა, რომ დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა“.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება“, - წერს „ქართული ოცნება“.
„რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტიის პრესცენტრის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“.
ბიძინა ივანიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა. 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას საფრანგეთში.