ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი: ვუერთდები მსოფლიოს ლიდერებს ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაში


"ვამაყობ, რომ ვუერთდები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ეს არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტ ბილ კლინტონის მეუღლე, ჰილარი კლინტონი.

ამ განცხადებას მან დაურთო ფოტო, რომელზეც შემდეგი ტექსტი იკითხება: "[ჩვენ], როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტად იმოქმედოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხისა და პრეზიდენტის ურყევი გამბედაობის დასაცავად".

ჰილარი კლინტონი სხვა ლიდერებთან ერთად ხელს აწერს იმ განცხადებას, რომელიც 6 დეკემბერს „ჯორჯთაუნის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ საიტზე გამოქვეყნდა. თავად კლინტონმა კი განცხადება დღეს, 10 დეკემბერს გამოაქვეყნა.

წერილში, რომელიც ჯორჯთაუნის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ საიტზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:

"ჩვენ, [წერილის] ხელმომწერი გლობალური ლიდერი ქალები, სოლიდარობას გამოვხატავთ ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსადმი საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. თბილისში ბოლოდროინდელი მოვლენები, როდესაც 200 000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა, რათა გააპროტესტოს რუსეთთან კავშირში მყოფი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება, ხაზს უსვამს ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას ევროპული მომავლისა და დემოკრატიული გზისადმი.

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას. საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები და დემოკრატიული ნორმების სისტემატური ეროზია, ღალატობს ქართველთა უმრავლესობის მისწრაფებებს, ვინც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დემოკრატიულ მომავალს.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მუდმივი საპასუხო რეაქციისა და შევიწროებისა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოავლინა ურყევი გამბედაობა და ლიდერობა მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომების დაგმობაში. მომიტინგეებთან დგომით და მმართველი პარტიის „[ქართული] ოცნების“ არაკონსტიტუციური ქმედებების უარყოფით, მან გამოხატა თავისი ხალხის ნება და მხარი დაუჭირა დემოკრატიულ პრინციპებს, რომელთა სრულად მიღწევაც დიდი ხანია საქართველოს სურს. ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა.

საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, უცხოურ მთავრობებს და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და მტკიცედ დაუჭირონ მხარი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ეს არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტად იმოქმედოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხისა და პრეზიდენტის ურყევი გამბედაობის დასაცავად".

წერილს ხელს აწერენ:

ჰელენ კლარკი - ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი;

ჰილარი კლინტონი - შეერთებული შტატების 67-ე სახელმწიფო მდივანი;

პატრიცია ესპინოზა - მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;

ჯულია გილარდი - ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი;

სანნა მარინი - ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

მონიკა მაკუილიამსი -ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი;

მერი რობინსონი - ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი;

ვიოსა ოსმანი-სადრიუ -კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;

ელენ ჯონსონ სირლიფი - ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი;

მელან ვერვეერი - აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში და "ჯორჯთაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG