ევროკომისიის ხელმძღვანელი: უნგრეთის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის პოლიტიკა უსაფრთხოების რისკს შეიცავს

ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის სიტყვაში, რომელიც უჩვეულოდ პირდაპირი ტონით გამოირჩეოდა, თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკს უქმნის. ევროკომისის პრეზიდენტი ბუდაპეშტის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობას აკრიტიკებდა.

სტრასბურგში, ევროპარლამენტში უნგრეთის ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დებატების დროს, ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა ბუდაპეშტის მხრიდან სურვილის არქონა, რუსეთის შეჭრასთან გასამკლავებლად უკრაინის დახმარების საქმეში ევროკავშირის სხვა წევრების ძალისხმევას შეუერთდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ბუდაპეშტის გადაწყვეტილებები მოსკოვთან და პეკინთან კავშირების განმტკიცების შესახებ.

ასევე ნახეთ: „მიუღებელია“ - ამბობს ბორელი ორბანის მოსკოვსა და პეკინში ვიზიტებზე

„მსოფლიო რუსეთის ომის საშინელებების მოწმე გახდა და მიუხედავად ამისა, არიან ზოგიერთები, ვინც ამ ომის გამო ბრალს არა თავდამსხმელს სდებს, არამედ მას, ვისაც თავს დაესხნენ“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა, მემარჯვენე ცენტრისტმა გერმანელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

„ჯერ კიდევ არის ზოგიერთი, რომელიც ამ ომს არა პუტინის ძალაუფლების წყურვილს, არამედ უკრაინის თავისუფლების წყურვილს აბრალებს. მინდა მათ ვკითხო, 1956 წლის საბჭოთა შეჭრაში ოდესმე უნგრელებს თუ დაადანაშაულებენ?“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ამის პასუხად ორბანმა თქვა, რომ ფონ დერ ლაიენის სიტყვა მისთვის „სიურპრიზი“ აღმოჩნდა და უარყო ნებისმიერი პარალელი საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ უნგრეთის 1956 წლის წარუმატებელ აჯანყებასა უკრაინის ბრძოლას შორის, რომელიც საკუთარ ტერიტორიას იცავს.

ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა უნგრეთის პროგრამა, რომელიც რუსებისთვის და ბელარუსებისთვის ვიზების შეზღუდვების შემსუბუქებისკენაა მიმართული და ასევე შეთანხმება ბუდაპეშტსა და პეკინს შორის, რომლითაც ჩინელ პოლიციელებს, უნგრელ კოლეგებთან ერთად, უნგრეთში პატრულირების უფლება ეძლევა.

მან ასევე მიანიშნა, რომ უნგრეთი დამოკიდებული რჩება რუსულ ენერგომატარებლებზე იმ დროს, როდესაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა რუსული აგრესიის პასუხად, ამ ქვეყნიდან ენერგიის იმპორტი შეამცირეს.