ერდოღანმა მასკს თურქეთში "ტესლას" საწარმოს აშენება სთხოვა

"ტესლას" მანქანები გერმანიის ელექტრომობილების გიგანტურ ავტოსაწარმოში

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კომპანია "ტესლას" ხელმძღვანელ ილონ მასკს სთხოვა, ელექტრომობილების საწარმო თურქეთში ააშენოს. ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე ანკარამ დღეს, 18 სექტემბერს გაავრცელა.

ასევე ნახეთ: ილონ მასკმა უკრაინელებს სევასტოპოლზე იერიში ჩაუშალა - CNN

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი ასევე იუწყება, რომ მასკი თურქეთს ახალი საწარმოს ასაშენებლად ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევს და ამბობს, რომ "ტესლაში" უკვე ისედაც ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს.

ერდოღანი და მასკი ერთმანეთს თურქეთის სახლში შეხვდნენ, რომელიც გაეროს შენობის მახლობლად, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცათამბჯენში მდებარეობს - აცხადებს თურქეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ". ერდოღანი შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება.

თავად "ტესლას" კომენტარი ამ საკითხზე აქამდე არ გაუკეთებია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერდოღანმა მასკთან შეხვედრის დროს ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ღიაა სხვა ტიპის თანამშრომლობისთვისაც. მათ შორის "ანადოლუ" ასახელებს ხელოვნური ინტელექტის და "სტარლინკის" მიმართულებასაც.

ასევე ნახეთ: ერდოღანი ამბობს, რომ მარცვლეულის შეთანხმებას გუტერეშთან განიხილავს