ლონდონის განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლინდა კოვიდ-19-ის სულ ცოტა, 34 შემთხვევა, რომლებიც უკავშირდება მაღალი მუტაციით გამორჩეულ კორონავირუსის ახალ ვარიანტს - BA.2.86. ინფორმაცია ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKSHA) პარასკევს, 8 სექტემბერს გაავრცელა.
ახალი ვარიანტი, რომელიც წარმომავლობით "ომიკრონის" შტოდანაა, ატარებს 35-ზე მეტ მუტაციას ვირუსის საკვანძო ნაწილებში, XBB.1.5-თან შედარებით, რომელიც წლის განმავლობაში უმეტესად დომინანტური იყო. სწორედ ამ მუტაციების წყალობით, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის ადვილად დაუსხლტება თავს წინა ინფექციებით და ადამიანის ორგანიზმისთვის აცრებით მინიჭებულ იმუნიტეტს.
ახლადდადასტურებული შემთხვევებიდან, 28 ინციდენტი მარტო ერთი ადგილიდან, ნორფოლკის მოხუცებულთა სახლიდანაა. 34 ინფიცირებულიდან, ხუთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ჯერჯერობით მათში სიკვდილობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"მოდერნა" და "ფაიზერი", კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელი ორი წამყვანი კომპანია, აცხადებენ, რომ ლაბორატორიაში ტესტირებისას, მათი ვაქცინები BA.2.86 ქვევარიანტის შემთხვევაშიც ძლიერი ეფექტიანობით გამოირჩევა. კომპანიებმა განცხადება ოთხშაბათს, 6 სექტემბერს გაავრცელეს.
კორონავირუსის BA.2.86 ვარიანტი პირველად 24 ივლისში, დანიაში იპოვეს. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიაში, ისრაელში, შეერთებულ შტატებში და სამხრეთ აფრიკაში.
”აშკარაა, რომ არსებობს [ვირუსის ახალი ვარიანტის] გარკვეული ხარისხით გადაცემა ფართო საზოგადოებაში, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე გლობალურად... ჩვენ ვმუშაობთ მისი სრული მასშტაბის დადგენაზე”, - თქვა რენუ ბინდრამ, ინციდენტების დირექტორმა ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოში.
Your browser doesn’t support HTML5