ბაიდენის ასაკის მიუხედავად, დემოკრატებს მის შესაცვლელად სათადარიგო გეგმა არ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოს შტატიდან დედაქალაქში ბრუნდება. პებლო, აშშ. 29 ნოემბერი, 2023 წ.

ამერიკის დემოკრატიულ პარტიას არ აქვს სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რაიმე მიზეზით გადაწყვეტს, შეაჩეროს 2024 წლის საარჩევნო კამპანია. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერს" დემოკრატიული პარტიის ოფიციალური წარმომადგენლები ანონიმურად უზიარებენ. ისინი შიშობენ, რომ მისი ჩანაცვლების უეცარი საჭიროება დაძაბულ შიდაპარტიულ ბრძოლას გამოიწვევს.

საზოგადოებრივ გამოკითხვებში სუსტი მაჩვენებლების მიუხედავად და დემოკრატებშიც კი, მის ასაკთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე, ბაიდენი ჯერჯერობით ერთგული რჩება აპრილში, საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე მიღებული გადაწყვეტილების. ახალი დემოკრატი კანდიდატების გამოჩენის შემთხვევაშიც კი, მათი დაწინაურების შანსები დღეს რამდენადმე გაურკვეველია, რადგან რამდენიმე კრიტიკულ შტატში პრაიმერებზე კენჭისყრის ვადებმა უკვე ჩაიარა. ესენია: ნევადა, სამხრეთ კაროლინა და ჯორჯია. მომდევნო კვირებში კი ამოიწურება ვადები ისეთ მნიშვნელოვან შტატებში, როგორიცაა: კალიფორნია, ილინოისი და მიჩიგანი.

ასევე ნახეთ: ტრამპის თანამებრძოლთა ნაწილს მისი საიმიგრაციო პოლიტიკა აშფოთებს

თუმცა, თუკი 81 წლის ბაიდენი რაიმე მიზეზით არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, დემოკრატებს შეეძლებათ ახალი ნომინანტის დასახელება კონვენციაზე - პარტიის ყრილობაზე, რომელიც მომავალი წლის აგვისტოში იგეგმება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბაიდენის თანამებრძოლი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელსაც თავადაც აქვს პოპულარობის პრობლემა, მას ნომინაციის დასახელების პროცესში ავტომატურად ვერ ჩაანაცვლებს. პრეზიდენტის ერთგული თანამებრძოლები ამტკიცებენ, რომ ამის საჭიროება არ გაჩნდება და პარტიას სათადარიგო გეგმის შემუშავება არ სჭირდება.

დემოკრატები ამ ეტაპზე პრეზიდენტის გვერდში დგანან და არსებული შეშფოთების მიუხედავად, მის გარშემო არიან გაერთიანებულები. „ჯო ბაიდენი იქნება დემოკრატების კანდიდატი და ის დაამარცხებს ნებისმიერ მაგა-ექსტრემისტს, რომელიც შეიძლება რესპუბლიკელებმა წამოაყენონ“, თქვა ბაიდენის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა დანიელ ვესელმა. "მაგა" შემოკლებული ვერსიაა ყოფილი რესპუბლიკული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სლოგანის: "ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ" (MAGA - Make America Great Again).

რესპუბლიკურ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი კანდიდატებს შორის კვლავ დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სერიოზული ბრალდება განიხილება, მათ შორის - სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტების არასათანადოდ შენახვა და 2020 წლის არჩევნებში ჩარევა.

აღნიშნულ ბრალდებებს ტრამპი უარყოფს, მათ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აცხადებს და გამუდმებით "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ 77 წლის ყოფილი პრეზიდენტი მარათონს გამოაკლდება, რესპუბლიკურ პარტიაში რამდენიმე ალტერნატივა არსებობს და საპრეზიდენტო რბოლა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკელი ამომრჩევლის განწყობები საპრეზიდენტო რბოლის კვალდაკვალ