ჩეხეთის ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლმა გუნდმა 5 ჩეხი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად აპირებდნენ უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 5 დაკავებული აპირებდა შეერთებოდა სამხედრო დაჯგუფებას, რომელიც თავის თავს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკას" უწოდებს, აკონტროლებს აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს და უპირსპირდება უკრაინის მთავრობას. ინფორმაციას ჩეხეთის პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ამ განცხადებამდე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან მებრძოლმა პოლიციის დანაყოფმა, 20 ადამიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
ამ გამოძიებით, კიდევ უფრო დაიძაბა მოსკოვსა და პრაღას შორის, ბოლო დროს, ისედაც გამწვავებული ურთიერთობები რუსი აგენტების სკანდალის გამო.
ასევე ნახეთ: რუსეთიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევეს20 ჩეხი დიპლომატი გააძევეს მოსკოვიდან მას შემდეგ, რაც ჩეხეთმა საბძროლო მასალების საწყობის აფეთქებაში, დაზვერვის რუსი აგენტები დაადანაშაულა. 2014 წელს, აფეთქების შედეგად, ჩეხეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჩეხეთის ხელისუფლება კი ამ ყველაფრის მოწყობაში იმ ორ რუს აგენტს სდებს ბრალს, რომლებიც 2018 წელს, სკრიპალების მოწამვლაში არიან ბრალდებული.
შაბათს, პრაღიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების ბრძანება გამოიცა. ამის მიზეზი, როგორც ჩეხეთში განმარტავენ, იყო "ამ პროვოკაციის ავტორების იძულება, რომ სრულად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის დანგრევით დაეკისრათ".
მოსკოვმა ჩეხ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად მხოლოდ ერთი დღე მისცა, როდესაც მანამდე გაძევებულ რუს დიპლომატებს ჩეხეთმა მოსამზადებლად და ქვეყნის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა დაუწესა.