46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების სამივე პუნქტში დამნაშავედ სცნეს. დაკავებისას თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის მოკვლის შემთხვევა უკვე შესულია რასიზმის ისტორიაში.
მომხდარის ვიდეკოკადრებმა როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში მასობრივი ანტირასისტული საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როცა ბორკილდადებული ფლოიდი ასფალტზე პირქვე წევს და რამდენიმე წუთის მანძილზე შველას ითხოვს. ის გარკვევით და განმეორებით ამბობს, რომ ვერ სუნთქავს. პოლიციელს კი მუხლი მის კისერზე აქვს დაბჯენილი და 9 წუთზე მეტი ხნის მანძილზე არ უშვებს.
დემონსტრაციის მონაწილეები ამერიკაში პოლიციის რეფორმირებას ითხოვდნენ. გამოსვლებმა გასულ წელს მთელ რიგ ქალაქებში ძალადობრივი ხასიათი მიიღო და ზოგან სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. ამერიკაში ბოლო წლებია პრობლემადაა ქცეული თეთრკანიანი სამართალდამცავების მიერ შავკანიანი მოქალაქეების დაკავების დროს ძალის გადამეტების ფაქტები.
დერეკ შოვინის სასამართლო პროცესი, რომელზეც 45 მოწმეს მოუსმინეს, 3 კვირა გრძელდებოდა. მოწმეებს შორის იყვნენ თვითმხილველები, პოლიციის ოფიცრები, თუ სამედიცინო ექსპერტები. შოვინი თავს დამნაშავედ არ აღიარებს. 12 ადამიანისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა 45 წლის პოლიციელი დღეს დამნაშავედ სცნო.
სასამართლოსთან მდგარი ასობით ადამიანი ტაშით შეეგება განაჩენს. მინესოტის შტატის კანონმდებლობით, შოვინს მკვლელობისთვის 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. თუმცა, პროკურორებს შეუძლიათ ეს ვადა 40 წლამდე გაზარდონ. მინესოტაში კრიმინალებს ციხის დატოვება ზედამხედველობის ქვეშ, სასჯელის 2/3-ის მოხდის შემდეგ შეუძლიათ.
მინეაპოლისის პოლიციამ შოვინთან ერთად ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 ოფიცერი სამსახურიდან მაშინვე დაითხოვა. მათი სასამართლო პროცესი წელს მოგვიანებით გაიმართება.
Facebook Forum