მინეაპოლისში მომხდარი მკვლელობიდან დაახლოებით 2 თვე გავიდა და ცნობილი ხდება პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების შინაარსი. გავრცელებული მასალებით ირკვევა, რომ ფლოიდი სთხოვდა პოლიციელს, შეეწყვიტა მისთვის მუხლის დაჭერა კისერზე რადგან ვერ სუნთქავდა და გადაერჩინა ის.
მანამდე კი როგორც ირკვევა ჯორჯ ფლოიდმა მოძალადე პოლიციელს სთხოვა მისი შვილისთვის ეთქვა:
"უთხარი ჩემ შვილს რომ მე ის ძალიან მიყვარს, მე მკვდარი ვარ,"- ამბობს გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდი ჩანაწერში რომელიც პოლიციის სამხრე კამერამ შემოინახა. აქვე ჩანაწერში რამდენჯერმე ისმის ფლოიდის ნათქვამი:
"ცუდად ვარ, მე კლაუსტროფობია მჭირს. მუცელი მტკივა. კისერი ძალიან მტკივა, ყველაფერი მტკივა. წყალი მჭირდება, გთხოვთ! გთხოვთ. მე ვერ ვსუნთქავ ოფიცერო. .... შენ ჩემს მოკვლას ცდილობ,"- ეუბნება ფლოიდი პოლიციის ოფიცერს, რომელიც მის ნათქვამს არ იზიარებს და დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ფლოიდი ჰყავს მიწაზე დაწვენილი და კისერზე მუხლს აჭერს.
კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ ფლოიდის არაერთ თხოვნას, მიეცათ მისთვის სუნთქვის საშუალება, პოლიციის ოფიცერი დერეკ შოვინი პასუხობს: "თუ ცუდად ხარ და ვერ სუნთქავ, შეწყვიტე ლაპარაკი, შეწყვიტე ყვირილი - ამას ბევრი ჟანგბადი სჭირდება".
დერეკ შოვინმა ფლოიდის არაერთი მოწოდება არ გაითვალისწინა, მან ყურად არ იღო არც ადგილზე მყოფი მოქალაქეების მოწოდებები. საბოლოოდ, დაახლოებით 8 წუთში, ჯორჯ ფლოიდმა გონება დაკარგა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ფლოიდი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის გამოძახებაზე მისული 4 პოლიციელია დაკავებული. დერეკ შოვინს, რომლის ქმედებამაც ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია, 40 წელზე მეტი ხნით ემუქრება პატიმრობა. მინეაპოლისში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ფლოიდის გარდაცვალებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ათასობით ადამიანი პოლიციის რეფორმის და მოძალადე პოლიციელების დაკავების მოთხოვნით 40-ზე მეტ შტატში მართავდა აქციებს.
შემდეგ რასიზმის წინააღმდეგ აქციები მსოფლიოს მოედო. საპროტესტო მუხტი გლობალურად ამ დრომდე ვრცელდება.
Facebook Forum