დგას თუ არა რუსეთი საქართველოში 1 სექტემბერს მომხდარი კიბერთავდასხმის უკან, რომლის მთავარი მიზანი ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას ითვალისწინებდა, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ თავდასხმა უცხო ქვეყნიდან მოხდა და შეტევა განხორციელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნიდან მოხდა თავდასხმა სამთავრობო უწყებაზე.
ასევე ნახეთ: ელჩი დეგნანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ეხმაურებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა სადაც წერია, რომ კიბერთავდასხმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მოხდა და მოპოვებული მასალები ერთ-ერთ ვებგვერდზეა განთავსებული, რომლის ნაწილიც ფალსიფიცირებულია.
ასევე ნახეთ: თბილისში მდებარე ამერიკული ლაბორატორია რუსეთს ბიო-იარაღით ებრძვის?"კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით. ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ,"- წერს სამინისტრო განცხადებაში.
ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო: ლუგარის ცენტრში კლინიკური ცდები არასდროს ჩატარებულაშინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა პარტნიორ ქვეყნებს დახმარებისთვის, რათა დადგინდეს, თუ საიდან მოხდა თავდასხმა და ეფექტურად გაიხსნას საქმე.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ საიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა და ვის მიერ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს შეტევა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, რადგან რუსეთი წლებია მუდმივად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით.