ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო: ლუგარის ცენტრში კლინიკური ცდები არასდროს ჩატარებულა


ლუგარის ლაბორატორიული ცენტრი თბილისში, ფოტო: რადიო თავისუფლება
ლუგარის ლაბორატორიული ცენტრი თბილისში, ფოტო: რადიო თავისუფლება

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - ე.წ. „ლუგარის ლაბორატორია“ კიდევ ერთხელ გახდა რუსული დეზინფორმაციის სამიზნე. „რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს“, უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმირ ერმაკოვმა. მის განცხადებას წინ უძღოდა 11 სექტემბერს მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ბრიფინგი.

გიორგაძემ განაცხადა, რომ „ლუგარის ლაბორატორიაში“ ადამიანებზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ და ამას არაერთი სიცოცხლე ეწირება. ყოფილმა მინისტრმა თითქოსდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოადგინა, რომლებიც მას "საქართველოდან მეგობრებმა მიაწოდეს" და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ამერიკის დახმარებით "საქართველოს მოსახლეობაზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება".

გიორგაძის მიერ „გამომჟღავნებულ“ დოკუმენტებში მოცემულია ინფორმაცია იმ ადამიანთა შესახებ, რომელთა დაავადებაც - C ჰეპატიტი - განვითარების ბოლო სტადიებზე იყო და საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული პროგრამის ადრეულ ეტაპზე მკურნალობას იღებდნენ. ამ ინფორმაციის თანახმად, მკურნალობის მიღების პერიოდში 2015-2016 წლებში 9 თვის განმავლობაში 73 ადამიანი დაიღუპა.

ლუგარის ცენტრში არასდროს ჩატარებულა კლინიკური ცდები. მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, არის დამტკიცებული "ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის" მიერ, ისევე როგორც "ევროპული მედიცინის სააგენტოს" მიერ. ისინი გამოიყენება ადამიანებში C ჰეპატიტის ინფექციასთან საბრძოლველად და მათ არ სჭირდება არანაირი დამატებითი ტესტირება.
ამერიკის საელჩო საქართველოში

„ამერიკის ხმის“ ონლაინ პუბლიკაციის „პოლიგრაფ.ინფო“ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაციისა და კომენტარების თანახმად, ლუგარის კვლევით ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების უშუალო კვლევასთან ან მკურნალობასთან.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა "პოლიგრაფს" უთხრეს, რომ ეს მხოლოდ "სულელური ჭორია" და არის კიდევ ერთი მცდელობა, როგორმე მოხდეს C ჰეპატიტთან ბრძოლის წარმატებული პროცესის დისკრედიტება.

„პოლიგაფმა“ განმარტება საქართველოში ამერიკის საელჩოსგანაც მიიღო. საელჩოს განცხადებით, ლუგარის ცენტრის მისია არის მოქალაქეთა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვა, ადამიანთა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოზირება, ეპიდემიოლოგიური დაკვირვება და კვლევა, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ:

"ლუგარის ცენტრში არასდროს ჩატარებულა კლინიკური ცდები. მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, არის დამტკიცებული "ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის" მიერ, ისევე როგორც "ევროპული მედიცინის სააგენტოს" მიერ. ისინი გამოიყენება ადამიანებში C ჰეპატიტის ინფექციასთან საბრძოლველად და მათ არ სჭირდება არანაირი დამატებითი ტესტირება. მათი სერტიფიკატები აღიარებულია, როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს ბაზრების მიერ", უთხრა პოლიგრაფს საქართველოში ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშემ ქრისტოფერ დავენპორტმა.

ე.წ. „ლუგარის ლაბორატორია“ თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია. ის ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალური ლაბორატორიაა. კვლევითი ცენტრი საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა და ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. ის სრულად საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში "ლუგარის ლაბორატორია" ხშირად იყო კრემლისა და მის მიერ კონტროლირებული მედია-საშუალებების თავდასხმის სამიზნე. რომელიმე რუსი პოლიტიკოსის "აღმოჩენითა" და მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელებით, როგორც წესი "ირკვევა" ხოლმე, რომ ლაბორატორიიდან "საშიში პათოგენები გავრცელდა", რომ იქ "საიდუმლო და სახიფათო ექსპერიმენტები" მიმდინარეობს და ა.შ. მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა ერთი წლის წინ ოქტომბერშიც.

ლუგარის ცენტრი, თბილისი
ლუგარის ცენტრი, თბილისი

ლუგარის ცენტრი ერთ-ერთია იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც დაავადებასთან ბრძოლაში არიან ჩართულნი. რუსი პოლიტიკოსების ნაწილი და მედიასაშუალებები კი ამტკიცებენ, რომ ამ ცენტრში ამერიკის თავდაცვის სტრუქტურების წარმომადგენლები ბიოლოგიურ ტექსტირებებს ახორციელებენ, ქმნიან ბიოლოგიურ იარაღს და ცდებს ადამიანებზე ატარებენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს მოსახლეობისა და რუსეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ამირან გამყრელიძე, საქართველოს "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის" დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში 2015 წელს დაწყებული პროგრამა იყო ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება წარმატებულად ითანამშრომლოს საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორმა ერთი მიზნის მისაღწევად. გამყრელიძე ამბობს, რომ რუსეთს სურს ამ პროგამის დისკრედიტაცია, რადგან მის განხორციელებაში ამერიკული ფონდები და ინსტიტუტები იყვნენ ჩართულნი.

"ლუგარის ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების მკურნალობასთან, როგორც ამას იგორ გიორგაძე აცხადეს და ეს არც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება", ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით, ლუგარის ცენტრი არის უმაღლესი დონის დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც იკვლევს სხვადასხვა სასიშ ინფექციურ დაავადებას, მათ შორის, ჰეპატიტსაც, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის ამ მიმართულებით ცდების ჩატარება.

C ჰეპატიტის მკურნალობის შედეგები კი არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხზე, არამედ მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ადამიანის ჯანმრთელობასა და ღვიძლის დაზიანების მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის" დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში პროგრამის პირველ ეტაპზე, მკურნალობა ჩაუტარდათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ღვიძლი უკვე ძლიერად ჰქონდათ დაზიანებული. მოგვიანებით კი, 2016 წლის ივლისიდან შეზღუდვები მოიხსნა და ყველა პაციენტს მიეცა შესაძლებლობა მკურნალობა მიეღო. პროგრამის დაწყებისას მის ფარგლებში ნამკურნალევი პაციენტების გარდაცვალების რაოდენობას კი არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რა მედიკამენტები იყო გამოყენებული.

იგორ გიორგაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, პროგრამის განხორციელების პირველი, 9-თვიანი პერიოდის მანძილზე 73 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე დოკუმენტების მიხედვით, ლუგარის ცენტრი მათ "სოვალდითა" და "რიბავარინით" მკურნალობდა - მედიკამენტებით, რომლებიც ამერიკისა და ევროკავშირის მიერაა სერტიფიცირებული და მთელ მსოფლიოში გამოიყენება ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოდ. პრეპარატ "სოვლადის" გამოყენება 2017 წელს "ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების" ადმინისტრაციამ ბავშვებისთვისაც კი დასაშვებად მიიჩნია. მის მიერაა დამტკიცებული "რიბავირინის" გამოყენებაც, რომელიც სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებით იყიდება (მათ შორისაა "კოპეგუსი" და "რებეტოლი").

მსოფლიოში C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით წელიწადში 400 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონს არ აღემატება ამ მხრივ არაერთი პროგრამა განხორციელდა და ის ახლა ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრისა" და "ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრეევენციის ცენტრის" მიერ 2015 წლის მაის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 150 300 მოქალაქე C-დადებითი იყო. წარმატებული პროგრამების შედეგად 2015-17 წლებში ინფიცირებული 36 012 მოქალაქიდან კი - 24 481 განიკურნა.

ლუგარის ლაბორატორია თბილისში 2013 წლიდან ამოქმედდა. ის ქვეყნის "დაავადებათა კონტროლის ცენტრის" სისტემის ნაწილია და მასთან ერთად ექვემდებარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ ცენტრის შექმნა დააფინანსა 1991 წელს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ცივი ომის დროს შექმნილი მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ იყო მიმართული და მის სამშვიდობო, სამეცნიერო მიზნებისთვის გადაკეთებას გულისხმობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG