ხორვატიის ქალაქ სპლიტის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) ყოფილი დეპუტატისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის იახტა „როიალ რომანსი“. ამის შესახებ უკრაინული აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ელენა დუმა იტყობინება.
მისი თქმით, იახტის შეფასების შემდეგ, ის გაიყიდება ღია აუქციონზე და მიღებული შემოსავალი უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ეს იქნება საზღვარგარეთ განთავსებული და სასამართლოს გზით ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის პირველი მაგალითი.
ასევე ნახეთ: ამერიკის კონგრესი ცდილობს, რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები უკრაინას გადასცეს2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ხორვატიის ხელისუფლებამ დააკავა იახტა „როიალ რომანსი“, რომლის მფლობელი მედვედჩუკის ცოლი, ოქსანა მარჩენკოა. იახტის ღირებულება 200 მილიონ ევროდ შეფასდა.
ცოტა ხნის წინ, ხორვატიულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იახტამ დატოვა ხორვატიის პორტი ტროგირი. მაგრამ, როგორც ელენა დუმამ განმარტა, 25 იანვარს, გემმა დროებით დატოვა პორტი, რათა დადასტურებულიყო მისი ტექნიკური მდგომარეობა და ძრავის მუშაობა.
უკრაინაში აკრძალული პოლიტიკური პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, სახელმწიფო ღალატის მუხლით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წელს დააკავა.
გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსი დაკავშირებული იყო ქვანახშირის კონტრაბანდასთან, რომელიც ხორციელდებოდა ე.წ. დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2014-2015 წლებში, მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა, ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში, მედვედჩუკი, რუსეთის მიერ, მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.