ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ცდილობს, რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები უკრაინას გადასცეს


შეერთებული შტატების კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის საშუალებითაც, დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინას გაუადვილდება რუსეთისთვის ჩამორთმეული და გაყინული აქტივების გამოყენება, რათა ის უკეთ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ დაწყებული ომით მიყენებულ ზარალს. კანონპროექტის ინიციატორები არიან კანონმდებლები როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან.

მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო,15 თვეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ამერიკის კონგრესმა უკრაინას $100 მილიარდზე მეტი დახმარება დაუმტკიცა, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მიმართულებით.

კიევისადმი ვაშინგტონის დახმარებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და შეერთებული შტატების კონგრესში უმეტესობა მისი გაგრძელების მომხრეა. მაგრამ, ზოგიერთ კანონმდებელს კითხვები აქვს დახმარების ხანგრძლივობასთან, სამთავრობო ხარჯების განუსაზღვრელ ხარჯვასთან დაკავშირებით და უკმაყოფილოა ანგარიშვალდებულების ნაკლებობით.

ახლადინიცირებული კანონპროექტის სპონსორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამ შემთხვევაში მათი მიზანია უკრაინისთვის მიყენებულ ზარალზე ფინანსური პასუხისმგებლობა ისევ რუსეთს დაეკისროს და ის დამატებით ტვირთად ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს არ დააწვეს.

"გლობალურად, რუსეთის $300 მილიარდზე მეტი სუვერენული აქტივებია გაყინული" - ამბობს სენატორი ჯიმ რიში, წამყვანი რესპუბლიკელი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და კანონპროექტის თანასპონსორი. "იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სასტიკია რუსეთის მიმდინარე ომის დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მხოლოდ ის თუ იქნება სწორი, რომ რუსეთის მთავრობამ, უკრაინელი ხალხის მიერ საკუთარი ქვეყნის აღდგენა, შეერთებული შტატების მხრიდან ჩამორთმეული სახსრებით დააფინანსოს" - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

კანონპროექტი - "უკრაინელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის და აღდგენის შესაძლებლობათა აქტი" (REPO) - განსახილველად გადაეცა როგორც სენატს, ისე წარმომადგენელთა პალატას. ის ამერიკის პრეზიდენტს უფლებას მისცემს, ჩამოართვას რუსეთს გაყინული აქტივები და კონფისკაციის შემდეგ, ის უკრაინას გადასცეს. კანონპროექტი ასევე კრძალავს სანქცირებული რუსი კერძო პირების და ორგანიზაციებისთვის სახსრების გამოთავისუფლებას, ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს და არ დათანხმდება მიყენებული ზარალის კომპენსაციას.

ჯიმ რიშის გარდა, კანონპროექტის სპონსორები რესპუბლიკური პარტიიდან არიან: მაიკლ მაკკოლი - წარმომადგენელთა პალატაში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე; კონგრესმენები: ჯო უილსონი, თომას კინი და ბრაიან ფიცპატრიკი. დემოკრატიული პარტიიდან კი - სენატორი შელდონ უაითჰაუსი; კონგრესმენები: სტივ კოენი, მაიკ ქუიგლი და მარსი კაპტური.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG