შეერთებულმა შტატებმა, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ორი ახალი, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას, სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ასევე ნახეთ: საქართველომ ამერიკისგან 140 ტონა "უსაფრთხოების დახმარება მიიღო"„პაკეტები მოიცავს კრიტიკულ საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას თავისი ხალხი“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ახალი დახმარების პაკეტები მოიცავს ჯავშანმანქანებს და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას,ჩვეულებრივ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ამერიკის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსებისთვის“.
დახმარების ეს პაკეტები 425 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და 2021 წლის აგვისტოდან, უკრაინისთვის შეერთებული შტატების მიერ გაწეული 31-ე სამხედრო დახმარებაა, რომელიც ამერიკულ იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს. ახალი დახმარების პაკეტების შესახებ, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით განაცხადა.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი, დამატებით 1,75 მილიარდ დოლარს გამოყოფს, „რათა დაეხმაროს უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებას.“
ასევე ნახეთ: "მსჯელობა არ ნიშნავს ყოყმანს" - ამერიკელი სენატორები უკრაინის სამხედრო დახმარებაზე„შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს მსოფლიოს შემოკრებას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი მოკავშირეებისგან და პარტნიორებისგან, წარმოუდგენელი სოლიდარობა ვიხილეთ. მივესალმებით 50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სოლიდარობით გაერთიანდნენ. მხოლოდ რუსეთს შეუძლია დღეს, თავისი არაპროვოცირებული ომის დასრულება. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ ერთიანნი ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.