ყირიმი - ამერიკელი ადმირალის და ელჩის შეფასებებით

ჯეიმს სტავრიდისი

"რაც უფრო მეტ ტერიტორიას ფლობ, უფრო კომპლექსური ხდება ცდუნება ", აცხადებს ადმირალი სტავრიდისი და რუსეთის დნესტრისპირეთში შეჭრაზე საუბრობს
ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ივო დაალდერი, რომელიც ამჟამად ჩიკაგოს
გლობალურ ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეა, ასევე ნატოს ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც ახლა ფლეტჩერის სკოლაში მოღვაწეობს, უკრაინის კრიზისზე საუბრობენ.

სატელეფონო კონფერენცია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით ნიუ იორკში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის გაიმართა. რა ფაზაშია ყირიმის კრიზისი და რა მოლოდინია რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ნატოს სანქციების შემდეგ - ივო დალდერის და ჯეიმს სტავრიდისის მოსაზრებებს ამერიკის ხმის კორესპონდენტი ნიუ იორკში თეა თუაშვილი გაგაცნობთ.

რუსეთ-ამერიკის, რუსეთის და ნატოს, რუსეთის და ევროკავშირის
ურთიერთობებში რუსეთის მხრიდან ყირიმში შეჭრის შემდეგ ახალი წესრიგი
დამყარდა. რუსეთი კარტებს მისთვის წამგებიანად ათამაშებს. ეკონომიკურ
რეცესიაში მყოფი რუსეთი, სადაც ჯეიმს სტავრიდისის განცხადებით, მასობრივი ხასიათი აქვს ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას,
არასახარბიელოა დემოგრაფიის დონე და მაღალია მიგრაცია, უარესი ფინანსური შედეგის მომტანი იქნება ის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, რაც რუსეთს დანარჩენი მსოფლიოსგან ყირიმში შეჭრის გამო დაუწესდა. სტავრიდისი რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის შეჭრის ფაქტს იხსენებს.

ჯეიმს სტავრიდისის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში არა მხოლოდ ნატოსთან ალიანსში ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს შეეხება გაეროსაც. ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული, და რომ ახლანდელი მსოფლიო ბევრად განსხვავებულია, ვიდრე იყო მანამდე, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა შეჭრილიყო კიდევ ერთ სუვერენულ სახელწიფოში და თავისი მიზნები განეხორციელებინა, ამის შემდეგ უკვე გადაიდგა ნაბიჯი ანექსიისკენ. ასე რომ სტავრიდისის აზრით, ამერიკის რეაქცია ყირიმთან დაკავშირებით ამიტომაც იყო ასეთი მყისიერი. კარგი ამბავი ამ ფონზე ის არის ,რომ ევროპაში კონფრონტაციის შემთხვევაში ამერიკიდან მალევე მოხდება დახმარების გაგზავნა, იქნება ეს სამხედრო გემები, ვერტმფრენები თუ სპეციალური დანაყოფები.

ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ივო დაალდერი ყირიმში შეჭრის პოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ობამას ადმინისტრაციამ სამი ძირითადი მიმართულება გამოხატა ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით: პირველი - ეს იყო რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის აბსოლუტური უგულვებელყოფა და ფუნდამენტური ღირებულებებისშელახვა, ასევე რუსეთის და ამერიკის
ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა. დაალდერმა თქვა, რომ მანამდე თითქოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კარგად მიდიოდა, თუმცა ეს არ ეხებოდა პუტინის და ობამას ურთიერთდამოკიდებულებას. მისი თქმით, პირველად ისტორიაში ობამამ რუსეთში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა გააუქმა გასული წლის სექტემბერში, რაც მანამდე, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი არ მომხდარა. ეს უკვე იყო მკაფიო სიგნალი. ამერიკამ შეძლო იაპონიასთან ერთად რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება დიდ რვიანთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ერთადაც შეთანხმებული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სანქციებთან დაკავშირებით და თუკი უფრო მეტ აქტიურობას ექნება ადგილი რუსეთის მხრიდან, ამას დამატებითი სანქციები ისევ მოყვება. მესამე, პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ მართებულად დაარწმუნა კიდევ ერთხელ ნატოს ალიანსი წესდების მეხუთე თავის ამოქმედების შესახებ.
როდესაც საფრთხე შეექმნება ნატოს ალიანსში მყოფ ტერიტორიას, ნატო მის დაცვას დაიწყებს, თქვა დაალდერმა.


ნატოს სანქციების ფონზე, რაც რუსეთთან პოლიტიკური და სამხედრო
თანამშრომლობის შეწყვეტით გამოიხატა, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე გააქტიურდნენ. დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცი წვრთნას ახლა მოლდოვასთან ახლოს გადის. ადმირალი სტავრიდისი და ელჩი ივო დაალდერი რუსეთის მხრიდან დნესტრისპირეთში შეჭრის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

ადმირალი სტავრიდისი ნატოს უმაღლესი სამხედრო ოფიცრის, ფილიპ
ბრიდლოვის შეშფოთებას იზიარებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან თავმოყრილი ჯარის და შეიარაღების გამო. არ არის იმის საჭიროება რომ ასეთი სამხედრო ძალა იყოს მობილიზებული სხვა სუვერენული ქვეყნის საზღვართან, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ყველა მოწმე გახდა როგორ შეიჭრა რუსეთის ყირიმში, ეს ფაქტი კი აორმაგებს, ასამმაგებს და აოთხმაგებს კონფრონტაციის რისკს რეგიონში. ისინი ძალიან კარგად გაწვრთნილები არიან და კარგი შესაძლებლობები გააჩნიათ. რა მხრივ მოხდება ამ ძალის გამოყენება, ალბათ ამაზე ახლა ვერავინ ისაუბრებს თუმცა ნაკლები შანსია რომ ვლადიმერ პუტინი გათვლებს აკეთებდეს ამაზე-თქვა სტავრიდისმა და კითხვას, არის თუ არა რუსეთის შეჭრის შესაძლებლობა დნესტრისპირეთში - უპასუხა, რომ რათქმა უნდა მას აბსოლუტურად შეუძლია ეს გააკეთოს სწორედ სამხედრო თვალსაზრისიდან გამომდინარე. მაშინ დაიწყება მართლა სერიოზული ომი. რაც უფრო მეტ ტეროტორიას ფლობ, უფრო კომპლექსური ხდება ცდუნება, თქვა სტავრიდისმა.


ივო დაალდერი მიიჩნევს, რომ პუტინი ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად იმეორებს არგუმენტს, რომ რუსულად მოლაპარაკე ადამიანები რუსეთმა უნდა დაიცვას და დნესტრისპირეთში, ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ესტონეთისგან და ლატვიისგან განსხვავებით, რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. და იქაც დგანან რუსი სამხედროები, ოღონდ სამშვიდობო მანდატის ქვეშ. გასულ კვირას პუტინმა ობამას დაურეკა და ინფორმაციაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა აქცენტი იყო გაკეთებული საკითხის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე. ეს საუბარი კრემლის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა ექსტრემისტების მხრიდან შესაძლო საშიშროებას და პუტინმა ობამასთან საუბრის დროს სწორედ დნესტრისპირეთის შესახებ გამოხატა ამ კუთხით შეშფოთება. ეს ორივე მომენტი მიანიშნებს, იმაზე რომ კრემლის დიდი ყურადღება და შეშფოთება არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება მსოფლიოს ამ ნაწილში, თქვა დაალდერმა.

ამერიკელი სამხედრო და დიპლომატიური მოღვაწეები თვლიან, რომ რუსეთს ყირიმის ანექსია უკვე საკმაოდ დიდი ფასი დაუჯდა. განხილვის საკითხია ევროპისთვის შეერთებული შტატებიდან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც.

მარტო გასულ წელს რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებზე 2012 წელთან
შედარებით გაზის ექსპორტი დაახლოებით 24 პროცენტით გაიზარდა და 139,32 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რუსული გაზი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება.