„ჩვენ ყველამ ერთად გამუდმებით უნდა უარვყოთ რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუეები იმის შესახებ, თუ რა ხდება ყირიმში ან დონბასში ან თავად რუსეთში და გავიმეოროთ და ხაზი გავუსვათ სიმართლეს. 5 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ დეფაქტო აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 7%-ს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს 2008 წლიდან“, - განაცხადა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ ანექსიის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო დისკუსიაზე ჯორჯ კენტმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ. “ყირიმი არის უკრაინის ნაწილი და უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლის ქვეშ. ამერიკის პოზიცია უცვლელია“,- თქვა კენტმა.
კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არ დასრულებულა 2008 წლის შემდეგ. შიდა სადემარკაციო ხაზი ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის თანდათან იწევს საქართველოს მხარეს. საქართველოს მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები აკავებენ, უხეშად ეპყრობიან და კლავენ კიდეც. ეს არის საშიში და სერიოზული საკითხი.ჯონ ჰერბსტი, "ატლანტიკური საბჭო"
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მსგავს ტაქტიკას რუსეთი ევროპის სხვა ნაწილებშიც, ბალტიისპირეთიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულამდე, სხვაგანაც იყენებს და ამჟამინდელი პრეზიდენტი „ცარისტულ“ პოლიტიკას ატარებს და საერთაშორისო ნორმების დარღვევითა და მეზობელი ქვეყნების სურვილების უგულვებელყოფით ცდილობს, მისი რწმენით, „რუსული მიწების“ მიტაცებას.
„ის, რასაც დასავლელი ექსპერტები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ, უკრაინაში ინსტრუმენტების ფართო სპექტრით გამოვლინდა. იყო ჩვეულებრივი ომი, შეიარაღებული სპეცდანაყოფები, მკვლელობები, კიბერ-თავდასხმები, დეზინფორმაცია, ენერგიის იარაღად გამოყენება თუ სხვა ტრადიციული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დიპლომატიური წნეხის საშუალებები“, - ამბობს კენტი.
„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი უკრაინის კონტექსტში საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ კრემლის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის ნაწილია.
„კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არ დასრულებულა 2008 წლის შემდეგ. შიდა სადემარკაციო ხაზი ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის თანდათან იწევს საქართველოს მხარეს. საქართველოს მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები აკავებენ, უხეშად ეპყრობიან და კლავენ კიდეც. ეს არის საშიში და სერიოზული საკითხი, რომელსაც სამწუხაროდ დასავლეთი საკმარის ყურადღებას არ აქცევს. ვისურვებდი საქართველოს წინაღმდეგ უწყვეტი აგრესიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც, მაგრამ ეს პოლიტიკურად ძნელი წარმოსადგენია", - ამბობს ჰერბსტი.
ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ქმედებები კრემლის იმპერიალისტური, რევიზიონისტული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც იქ არ მთავრდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო და მნიშვნელოვანი რუსეთის შეჩერება ახლა, რომ იგივე არ განმეორდეს სხვაგანაც, ევროპაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ამჟამად "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჰედერ კონლი ამბობს, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა, "ევროპიდან ისმოდა ხმები, რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს".
"ეს იყო უკვე გარკვეული მახასიათებელი, ნიმუში, რომელიც ვნახეთ, როდესაც 1999 წელს რუსეთის ჯარებმა არ დატოვეს დნესტრისპირეთი მოლდოვაში. შემდეგ ეს გადაიზარდა საქართველო-რუსეთის კრიზისში 2008 წელს. ახლა კი გვქონდა ყველაზე დამანგრეველი შედეგები უკრაინაში", - ამბობს კონლი. ის განმარტავს, რომ დასავლეთი, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით გადაწყვეტას ცდილობს, ხშირად წარუმატებელია რუსეთთან ამ პროცესში, რადგან დიპლომატიური პროცესების ნაწილი მხოლოდ ცრუ შეგრძნებას აჩენს იმისა, რომ პროგრესი არსებობს.
"გამოწვევა ისაა, რომ კრემლს ესმის" ჩვენ არ გვჭირდება კონფრონტაცია. ის ამ დროს "გვეხმარება" იმით, რომ გვაწვდის დიპლომატიურ ჩიხებს, რომლებიც შეუძლებელია გადაიჭრას. მოლდოვაში ესაა “5+2“ პროცესი, საქართველოსთვის ჟენევის პროცესი, უკრიანისთვის მინსკის პროცესი. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ [პროცესი] არსაით წავიდეს. ასე რომ მცოცავი ოკუპაცია, საზღვრების გადმოწევა, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა გრძელდება. ეს ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ დაგვავიწყდეს [რაც მოხდა], მივიღოთ. ტრანსატლანტიკური პასუხი იყო იმდენად კარგი, რამდენადაც შეგვეძლო, მაგრამ არ იყო საკმარისი", - ამბობს ჰედერ კონლი.
ვიქტორია ნულანდი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მოადგილე იყო 2013-2017 წლებში, ამბობს, რომ ყირიმის ანექსია ხანგრძლივი სამხედრო და პოლიტიკური გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჯერ ფიზიკურად განხორციელდა და რომლის პოლიტიკური ლეგიტიმაციაც სცადა შემდეგ კრემლმა. ნულანდის თქმით, ყირიმის მოვლენებისას თავდაპირველი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ დასავლეთს და მსოფლიო ლიდერებს ეს ქმედება დაეგმოთ და ყველასთვის ნათელი გამხდარიყო, რომ თუკი ერთ ქვეყანას მიეცემა უფლება "მოკბიჩოს" მეზობელი ქვეყნის ნაწილი, ეს შეიძლება ნებისმიერ სხვა ადგილას განმეორდეს. შემდეგ კი უკვე სანქციების მიზანი ის იყო, რომ კრემლისთვის ყირიმის მიერთება "ძვირი" ყოფილიყო: "ყოფილიყო გარანტია, რომ თუკი სხვა ქვეყნის მიწის ნაწილს მოკბეჩ, ის პირში გამოგიშრება".
"რუსეთმა არალეგალურად მიიტაცა ყირიმი, იმ საერთაშორისო პრინციპის ურცხვი უგულებელყოფით, რომლებიც ამბობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალადობრივად შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები. ლუგანსკსა და დონეცკში ადმინისტრაციული შენობები რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დიაკავეს და არა მეტრაქტორეებმა ან მაღაროელებმა. რუსეთს ახლაც პატიმრობაში ჰყავს 70-მდე პოლიტიკური პატიმარი ყირიმში, რომელთა უმეტესობა ყირიმელი თათარია. მათი ნაწილი რუსეთის საპატიმროებშია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მოვლენებს 13 ათასამდე ადამიანი შეეწირა. ყირიმსა და დონბასში ბოლო 5 წლის მანძილზე რუსეთმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა, უგულებელყო საერთაშორისო ნორმები და თაობების განმავლობაში ევროპის უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვია", - ამბობს ჯორჯ კენტი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამერიკა განაგრძობს უკრაინის დახმარებასა და მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის გასაზრდელად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასობაში უკრიანამაც ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გააძლიეროს თავსი დემოკრატია.
"საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც თვის ბოლოს იმართება, უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება მისი დემოკრატიული პროცესისთვის. არცევნები უნდა იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი. სამოქალაქო საზოგადოების, კამპანიის წევრებისა და მედიის შევიწროვება ამ ეტაპზე აღარ უნდა განმეორდეს", - ამბობს ჯორჯ კენტი.
ანექსიის 5 წელი
ორშაბათს ვლადიმირ პუტინი სიმფეროპოლში, ყირიმის ყველაზე დიდ ქალაქში ჩავიდა, რათა ნახევარკუნულის ანექსიის 5 წლისთავის აღსანიშნავ კონცერტზე სიტყვით გამოსულიყო. 4-დღიან ღონისძიებებში როკ-ბენდები, კრემლის მომხრე რეპერები და რა თქმა უნდა, „ღამის მგლები“ - კრემლის მომხრე ცნობილი მოტოციკლისტთა ჯგუფი მონაწილეობდნენ.
კრემლი ამტკიცებს, რომ ყირიმელები შინ, რუსეთში დაბრუნდნენ, რომ რუსეთმა ნახევარკუნძულის განვითარებაში 13 მილიარდ ევროზე მეტი დოლარი დახარჯა და მოსახლეობა ცვლილებებით ბედნიერია. თუმცა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩატარებული რეფერენდუმის არალეგიტიმურობაზე და უკანონობაზე საუბრობენ. ასევე დიდ გამოწვევად რჩება ადამიანების, განსაკუთრებით კი ყირიმელი თათრების, უფლებების მასობრივ დარღვევების შემთხვევები, რაშიც აქტივისტებისა და მოწინააღმდეგეების დაპატიმრება და რუსეთის ციხეებში გაგზავნა, გატაცებები, მკვლელობები და სხვა მსგავსი დანაშაულები შედის.
25 ნოემბერს ნახევარკუნძულის სანაპიროებთან, ქერჩის სტუტესთან რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებსა და სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. უკრიანული ხომალდები ოდესის პორტიდან აზოვის ზღვის პორტ მარიუპოლისკენ მიემართებოდნენ. რუსეთის სასაზღვრო სადარაჯო ხომალდის შეჯახების მერე, რუსულმა მხარემ გემები და უკრიანელი მეზღვაურები დააკავა და შეერთებული შტატების, დასავლელი ლიდერებისა და უფლებადამცველების მოწოდებების მიუხედავად, ამ დრომდე არ გაუთავისუფლებია.
ქერჩის სრუტე ერთადერთი დამაკავშირებელი დერეფანია შავ და აზოვის ზღვებს შორის. ექსპერტების აზრით, ეს ინციდენტი მხოლოდ იმ პრაქტიკის გაგრძელება იყო, რომელიც გასულ წელს უკვე აშკარა იყო - რუსეთი ცდილობდა უკრიანული და საერთაშორისო გემებისთვის ნაოსნობა შეეზღუდა. თუკი მანამდე ეს გართულებული შემოწმებებით და ინსპექციით ხდებოდა, შემდეგ ეს უკვე სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. გასული კვირის ბოლოს ამერიკამ, კანადამ და ევროკავშირმა სწორედ ამ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ანალიტიკოსები სანქციებს მიესალმებიან, თუცმა ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ამ ზომის მიღება დაგვიანებულია არათუ ნოემბრიდან დღემდე, არამედ იმიტომაც, რომ სასურველი იქნებოდა დასავლეთს ერთობლივი წნეხი წლების წინაც განეხორციელებინა.