ამერიკაში ერთ დღეში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, 30 ოქტომბრის საღამოს ბოლო 24 საათის მაჩვენებელმა 100 233 შეადგინა. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, რომელიც აქამდე არასდროს, არსად დაფიქსირებულა. ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე, საავადმყოფოები შესაძლებლობის სახიფათო ზღვარს უახლოვდება.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე უპრეცედენტო და რეკორდული მაჩვენებელია. ამ დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდებოდა. მანამდე, რეკორდული ციფრი 91 248 იყო. რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, აქამდე ერთ დღეში გამოვლენილ ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რიცხვი სექტემბერში, ინდოეთში დაფიქსირდა - 97 894 ადამიანი.
ასევე ნახეთ: ჰოსპიტალიზებულთა 6% ჯანდაცვის მუშაკებია - რუბრიკა „გალილეო“
ამასთან, პარასკევსვე შეერთებულ შტატებში 9 მილიონი გახდა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა. ეს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 3 %-ია. ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 15 დღეში 1 მილიონით გაიზარდა. ვირუსით და მასთან დაკავშირებული გართულებებით ამერიკაში ამ დრომდე თითქმის 229 ათასი ადამიანია გარდაცვლილი.
რეკორდული საერთო მაჩვენებლის გარდა, უპრეცედენტო ციფრებს ასახელებს ათეულობით ცალკეული შტატიც. იზრდება სერიოზული გართულებების რიცხვიც. 6 შტატში საავადმყოფოები აცხადებენ, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ახლა ყველაზე მძიმე პაციენტები ჰყავთ. ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა, რომელიც აქამდე ყველაზე მაღალი აგვისტოს შუა რიცხვებში იყო, ოქტომბერში 50 %-ით გაიზარდა და 46 ათას ადამიანს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ: ინფიცირება 47 შტატში იზრდება - ფაუჩიმძიმედ დაზარალებულ შტატებს შორისაა ის ე.წ. მერყევი შტატებიც, რომელთა მოსახლეობამაც შესაძლოა არჩევნების ბედი გადაწყვტოს. ამ შტატებში დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის თანაბარია, მოსახლეობა ძლიერაა ორად გაყოფილი და შედეგებმა, რომელიც კანდიდატს მთელი შტატის საარჩევნო კოლეგიის ხმებს მიაკუთვნებს, შესაძლოა საბოლოო შედეგებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. ასეთი შტატებია მიჩიგანი, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, პენსილვანია და უისკონსინი.
იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. ამ თვის განმავლობაში ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს უკვე მესამედ გადააჭარბა. ქვეყანაში სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდას ელიან. პარასკევს ვირუსით ინფიცირებული კიდევ 926 პაციენტი გარდაიცვალა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ახალი გათვლით და მოდელირების თანახმად, სიკვდილობის მაჩვენებელი, რომელიც ოქტომბერში საშუალოდ 22 ათასი იყო, მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება და იანვარში შესაძლოა 72 ათასსაც კი მიაღწიოს. ამ დრომდე სიკვდილობის ყველაზე დიდი მონაცემები ამერიკაში 2020 წლის აპრილში ფიქსირდებოდა - მაშინ ვირუსმა დაახლოებით 61 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.