თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის საგანგებო ჯგუფი აცხადებს, რომ ვირუსი "დაუნდობლად" ვრცელდება, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო ჯგუფის წევრები ვირუსის შესაზღუდად აგრესული ღონისძიებების გატარებას ემხრობიან.
შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ით ინფიცირების 9 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, 228 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
"ჩვენ კვლავ ვხედავთ ძლიერ, მწვავე გავრცელებას შუადასავლეთის შტატებში, ასევე მათ ჩრდილოეთით და დასავლეთით. ჩვენ ვითხოვთ აგრესიულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ როგორც სიმპტომური, ისე - ასიმპტომური გავრცელება გაკონტროლდეს", - საგანგებო ჯგუფის ამ განცხადებას ერთ-ერთ შტატთან დაკავშირებით "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
საგანგებო ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრი, ექიმი ენტონი ფაუჩი ოთხშაბათს CNBC-თან საუბრისას ამბობდა, რომ ამერიკაში კორონავირუსის პანდემია "არასწორი მიმართულებით ვითარდება". ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში ინალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.
"თუ რაიმე არ შეიცვალა, თუ ახლანდელი კურსი გაგრძელდა, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა იქნება, რაც უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს უკავშირდება", - ამბობს ექიმი ფაუჩი და განმარტავს, რომ ინფიცირების შემთხვევები 47 შტატში იზრდება. ხუთშაბათს, სულ მცირე 7 შტატში, ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
Facebook Forum