ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსპიტალიზებულთა 6% ჯანდაცვის მუშაკებია - რუბრიკა „გალილეო“


როცა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში (CDC/„სი-დი-სი“), კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზებული ზრდასრული პაციენტების მონაცემები გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ მათ შორის ჯანდაცვის მუშაკები 6 პროცენტს შეადგენდნენ. ამ მონაცემების შესწავლა „სი-დი-სის“ აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საავადმყოფოს პერსონალს შორის კოვიდ-19-ის გადაცემის მაღალ რისკს „ჯანდაცვის სისტემაში სამუშაო ძალის მოცულობის შემცირება შეუძლია,“ რაც პანდემიის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ არის.

შესასწავლად „სი-დი-სიმ“ გაზაფხულის სამი თვის (პირველი მარტიდან 31 მაისამდე) ინტერვალში, 28 972 ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც საავადმყოფოებში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოათავსეს. აქედან 438 ჯანდაცვის მუშაკი იყო. მათ შორის 73% ჭარბწონიანი აღმოჩნდა. 28% ინტენსიურ პალატაში მოხვდა, 16% ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, 4% გარდაიცვალა.

უმეტესობას, 89.9%-ს კოვიდ-19-მდე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ასეთად ითვლება მაგალითად, ჭარბი წონა, სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი და ა.შ. ეს მონაცემები ემთხვევა წინა კვლევებს არასამედიცინო სფეროს პაციენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალიზებულთა შორის 90%-ს მინიმუმ ერთი ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემა აღენიშნებოდა.

მათ შორის, ვისაც კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებთან უშუალო შეხება ნაკლებად ჰქონდა, რისკ-ფაქტორებს შორის, წამყვანი იყო ჭარბწონიანობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზებული სამედიცინო პერსონალის საშუალო ასაკი 49 წელია. მათ შორის 72% ქალია და 52% შავკანიანია.

ჯანდაცვის მუშაკებს „შესაძლოა კოვიდ-19-თან ასოცირებული დაავადება მძიმე ფორმით განუვითარდეთ, რაც ხაზს უსვამს ჯანდაცვის უწყებებში ინფექციის პრევენციის და კონტროლის გაგრძელების აუცილებლობას“ - წერს „სი-დი-სი“.

ჰოსპიტალიზებულ სამედიცინო პერსონალს შორის 67%-ს კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებთან უშუალო შეხება ჰქონდა. ერთ მესამედზე მეტი ექთანია. „ექთნები ფრონტის წინა ხაზის მუშაკები არიან და პაციენტებთან ხშირი და ახლო კონტაქტის გამო, მათთვის ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალი შეიძლება იყოს, შეხების დროის ინტერვალის აკუმულირების გათვალისწინებით“ - ნათქვამია „სი-დი-სის“ ანგარიშში.

ანგარიში ვერ აზუსტებს იმას, თუ რა იყო ჯანდაცვის მუშაკთა ინფიცირების წყარო. არ არის გამორიცხული, მათ ვირუსი სამსახურის გარეთ შეყროდათ. თუმცა, ექთნების სამუშაო გარემო ინფიცირების რისკს, რა თქმა უნდა, ზრდის. კვლევას კიდევ ერთი ლიმიტი აქვს: ავადმყოფთა მონაცემები ამერიკის 50 შტატიდან მხოლოდ 13-ს მოიცავს, რადგან მხოლოდ მათ ჰქონდათ შესაბამისი მონაცემები აღრიცხული, დროის მოცემულ მონაკვეთში.

„სი-დი-სის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის დიაგნოზი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 193 561 მედიცინის მუშაკს დაესვა. აქედან 774 გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ვებგვერდზე მუდმივად ახლდება.

აღნიშნულ კვლევაში შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნიღბების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს დაქვემდებარებაში მყოფ შენობებში. იქ, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხება აქვს კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებთან, თვალების მიდამოების დაცვაც აუცილებელია.

მათ, ვისაც კოვიდ-19-ის მქონე ადამიანთან ჰქონდა შეხება, „სი-დი-სი“ ურჩევს 14-დღიან კარანტინს და საკუთარი ჯანმრთელობის ახლო მონიტორინგს კოვიდ-19-ის სიმპტომებზე. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურამ მოიმატა, ან სხვა რაიმე სიმპტომი განვითარდა, ტესტის აღებაა რეკომენდებული. შეხებაში იგულისხმება 15 წუთიდან 24-საათამდე დროის ინტერვალი. აქ რამდენიმე 15-წუთიანი ინტერვალიც იგულისხმება.

დანარჩენებისთვის კვლავ ძალაში რჩება რჩევები, რომლებზეც ხშირად გვსმენია. ეს არის ხელის ხშირად და კარგად დაბანა, ნიღბის ტარება, ხველების და ცემინების მკლავის კუთხით დაფარვა, სხვებთან ორ მეტრამდე ფიზიკური დისტანციის დაცვა.

კვლევა პარასკევს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გამოცემაში: „ავადობის და სიკვდილობის ყოველკვირეული ანგარიში“ (MMWR/Morbidity and Mortality Weekly Report).

შეერთებულ შტატებში დღეისთვის აღრიცხულია 9 248 744 ინფიცირებული. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 234 622 ადამიანი, 5 991 902 გამოჯანმრთელდა, 16 931 ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG