ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავასაკის სინდრომის შემთხვევები იტალიაში 30-ჯერ გაიზარდა - ახალი კვლევა რუბრიკაში „გალილეო“


ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების, თუ გართულებების სია თანდათან იზრდება. ბოლო ერთი თვეა, ხშირად საუბრობენ კავასაკის სინდრომის მსგავს, იშვიათ ანთებით (ინფლამატორულ) დაავადებაზე, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში ვითარდება და სასიცოცხლო რისკებს შეიცავს. დაავადება პედიატრიული მულტი-სისტემური ანთებითი სინდრომის სახელითაც არის ცნობილი.

თუ აქამდე ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები და მეცნიერები კოვიდ-19-თან ამ იშვიათი დაავადების მხოლოდ შესაძლო ასოცირებაზე წერდნენ, იტალიაში ჩატარებულ კვლევაში ახლა უკვე „ძლიერ“ კავშირზე საუბრობენ. ბერგამოელი ექიმების ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გასულ კვირაში გამოქვეყნდა.

იტალიაში კავასაკის სინდრომის მსგავსი სიმპტომების მქონე 10 ბავშვი შეისწავლეს. აქედან 8-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ათივე ბავშვი ერთ კლინიკაში, რომის პაპ იოანე XXIII-ს სახელობის საავადმყოფოში, 17 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით იყო მიყვანილი.

ბერგამოელმა ექიმებმა ასევე გააანალიზეს ბოლო 5 წლის მანძილზე შემოსული, მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვების ავადმყოფობის ისტორიები. აღმოჩნდა, რომ 2015 წლიდან 2020 წლამდე, მათ იგივე დიაგნოზით სულ 19 პაციენტი ჰყავდათ. ექიმების თქმით, ეს შემთხვევების 30-ჯერ გაზრდაზე მიუთითებს.

The Lancet: კავასაკის სინდრომის შემთხვევები ბოლო 5 წელში. ვარდისფრად აღნიშნულია მწვავე შემთხვევები.
The Lancet: კავასაკის სინდრომის შემთხვევები ბოლო 5 წელში. ვარდისფრად აღნიშნულია მწვავე შემთხვევები.

ანალოგიური რამ ჯერჯერობით აზიის ქვეყნებში არ დაუფიქსირებიათ. ვირუსთან სარს-კოვ-2 დაკავშირებული კავასაკის სინდრომი ამ ეტაპზე მხოლოდ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში აღირიცხა. მათ შორისაა: იტალია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თითქმის ყველგან დაფიქსირდა ამ გართულებით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტიც.

ამერიკაში (ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და მასაჩუსეტსის შტატებში) დაწყებულ კვლევებში, ახლა მსგავსი სიმპტომების მქონე 150-მდე ბავშვს სწავლობენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სინდრომი ვლინდება კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

კავასაკის სინდრომის დროს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესი ითრევს არტერიებს, მათ შორის კორონარულ (გულის მომარაგების) არტერიებს და შესაბამისად, სერიოზულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებს ქმნის. დაავადებას შეუძლია იერიში მიიტანოს ერთდროულად ბევრ ორგანოზე, დააზიანოს გულის ფუნქციები და დაასუსტოს მისი არტერიები.

დავუბრუნდეთ იტალიელი ექიმების კვლევას. შესწავლილი 10 ბავშვიდან ხუთს კავასაკის დაავადების კლასიკური სიმპტომები ჰქონდა. მათ, ვისაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, გაცილებით უფრო მწვავე სიმპტომები აღმოაჩნდათ, ვიდრე საავადმყოფოში ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებულ სხვა პაციენტებს.

პანდემიის დროს დასმული დიაგნოზიდან, 10-დან 5 შემთხვევაში განვითარდა ტოქსიკური შოკის სინდრომი, რაც ასევე ძალიან იშვიათად ხდება. სინდრომს უმეტესად ბაქტერიული ინფექციები იწვევს და ის ასევე სასიცოცხლო რისკის შემცველია. ტოქსიკური შოკი ხასიათდება მაღალი სიცხით, დაბალი წნევით და გამონაყარით.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყველა პაციენტს თერაპია იმუნოგლობულინით ჩაუტარდა. თუმცა, 10-დან 8 ბავშვს (80%) ასევე დასჭირდა სტეროიდებით მკურნალობა. წარსულში, სტეროიდები 19-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში (16%) გამოიყენეს.

შესამჩნევი ცვლილება დაფიქსირდა პაციენტების ასაკშიც. პანდემიის დროს ჰოსპიტალიზებული ბავშვები შედარებით დიდები იყვნენ. მათი საშუალო ასაკი 7.5 წელს შეადგენდა, წარსულში კი საშუალო ასაკი 3 წელი იყო. საერთოდ, კავასაკის სინდრომი ადრე ძირითადად 5 წლამდე პაციენტებში ფიქსირდებოდა. რაც შეეხება სქესს, შესწავლილი 10 პაციენტიდან 7 ბიჭია.

მართალია, წლევანდელ შემთხვევებში, კოვიდ-19 არ დაუდასტურდა 10-დან ორს, მაგრამ მკვლევარები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, საქმე ჰქონდეთ ტესტებში ცდომილებასთან. ტესტერები 100%-იანი სიზუსტის არ არის და დანარჩენ ორ შემთხვევაშიც, არ არის გამორიცხული, რომ ბავშვები ვირუსით სარს-კოვ-2 ყოფილიყვნენ ინფიცირებული. ამას გარდა, ამ ორი ბავშვიდან ერთს იმუნოგლობულინი ძალიან დიდი დოზით გაუკეთდა, რაც მოგვიანებით, გამოჯანმრთელების შემდეგ, ანტისხეულების დეტექციას ართულებს.

კვლევის ავტორების აზრით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდეს, სადაც კოვიდ-19 გავრცელდა. „კავასაკის მსგავსი დაავადების ანალოგიური აფეთქება მოსალოდნელია იმ ქვეყნებში, სადაც სარს-კოვ-2 პანდემიაა“ - წერენ იტალიელი ექიმები. კვლევის წამყვანი ავტორის, ექიმ ლორენცო დ’არტიგას თქმით, იგივე რამ უკვე მოხდა ნიუ-იორკში და ინგლისში. „ჩვენი კვლევა შეიცავს პირველ მკაფიო მტკიცებულებას, რომ სარს-კოვ-2 ინფექცია უკავშირდება ამ ანთებით მდგომარეობას. და იმედი გვაქვს, ის მთელი მსოფლიოს ექიმებს დაეხმარება ამ უცნობი ვირუსის მართვის სადავეების ხელში აღებაში“ - ამბობს ექიმი დ’არტიგა ნაშრომის პრესრელიზში.

კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადება 10 ათას ბავშვში ერთს ემართება. სიმპტომებს შორის სპეციალისტები სიცხეს, გამონაყარს, თვალების სიწითლეს, პირის სიმშრალეს, ხელის და ფეხის გულების სიწითლეს, გლანდების შეშუპებას ასახელებენ. ბავშვების დაახლოებით მეოთხედს გულის ჩივილებიც აქვს. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტები უმეტესად გამოჯანმრთელდებიან.

იმის გამო, რომ იტალიაში ამ სინდრომის მქონე ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი შეისწავლეს, ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ მათი აღმოჩენების დასადასტურებლად, უფრო მასშტაბური კვლევა იქნება საჭირო. აღნიშნული ნაშრომის დეტალების გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“. მისი ავტორები არიან: ლუციო ვერდონი, ანჯელო მაცა, ანალიზა ჯერვაზონი, ლაურა მარტელი, მაურიციო რუგერი, მატეო კიფრედა, ეზიო ბონანომი და ლორენცო დ’ანტიგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG