ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს; 13 წლის მოზარდმა ოჯახში 11 ადამიანი დააავადა; კოვიდ-19-ის მეორადი ეფექტი


რუბრიკაში „გალილეო“ დღეს ოქტომბრის პირველ რიცხვებში გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო კვლევას გაგაცნობთ, რომლებიც კოვიდ-19-ზე საყურადღებო ინფორმაციას გვთავაზობს. სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნების თარიღის მიხედვით, ქრონოლოგიურადაა მოცემული.

ახალი კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს, გრიპის ვირუსი - 2

ახალ კვლევაში, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა, იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარს-კოვ-2, დაავადება კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი, ადამიანის კანზე 9 საათი ძლებს. და ეს მაშინ, როცა ინფლუენზას (გრიპის) ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა კანზე საშუალოდ 2 საათი იყო. კვლევაში „ა“ ტიპის ინფლუენზას ვირუსს (IAV) აკვირდებოდნენ.

აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად უჟანგავი მეტალი, ან პლასტმასა, 8-ჯერ მეტი გამძლეობით გამოირჩეოდა, ვიდრე გრიპის ვირუსი. ადამიანის კანზე კი მისი სტაბილურობა ჯერ დაზუსტებული არ იყო.

ამგვარი გამძლეობა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკებს კონტაქტით კიდევ უფრო ზრდის, რაც პანდემიასთან ბრძოლას ართულებს. თუმცა, ყველაზე კარგი სიახლე ამ ყველაფერში ის არის, რომ იაპონელი მეცნიერების თქმით, ვირუსის სარს-კოვ-2 განეიტრალება ადამიანის კანზე, სულ 15 წამში ხდება, 80%-იანი ეთილის სპირტით.

შესაბამისად, ადეკვატური ჰიგიენა გავრცელების რისკებს სწრაფად და ეფექტურად ამცირებს. საუბარია ხელის ხშირი დაბანაზე და სადეზინფექციო საშუალებების რაციონალურ მოხმარებაზე.

იაპონელ მეცნიერთა ნაშრომი 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების ჟურნალში „კლინიკური ინფექციური დაავადებები“. მისი დეტალურად გაცნობა შეიძლება „ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის“ მეშვეობით. კვლევის წამყვანი ავტორები არიან რიოჰი ჰიროში და ჰიროში იკეგაია.

13 წლის მოზარდმა კოვიდ-19-ით ოჯახში 11 ადამიანი დააავადა

ერთი დიდი ამერიკული ოჯახი, რომლის 14 წევრიც 5 სხვადასხვა სახლში, 4 შტატში ცხოვრობს, გაზაფხულზე კარანტინის დაცვის შემდეგ, ზაფხულში ერთად შეიკრიბა. მათ ივნისში 3 კვირით, ერთი დიდი, 5-საძინებლიანი სახლი იქირავეს, რომელსაც 2 აბაზანა ჰქონდა და ზაფხულის მთელი შვებულება იქ ერთად გაატარეს.

დროის სხვადასხვა ინტერვალში, მათ იქ ექვსმა ნათესავმა ჩააკითხა, რომლებიც ღამით არ დარჩენილან, ძირითადად გარეთ იყვნენ და დისტანციასაც იცავდნენ. ოჯახის წევრებს შორის კი ნიღაბი არავის ეკეთა და დისტანციის დაცვაც არ უცდიათ. მითუმეტეს, რომ ზოგს კოვიდ-19-ზე ტესტიც ჰქონდა გაკეთებული. მათ შორის იყო 13 წლის გოგონა, რომელმაც ასევე გაიკეთა ანალიზი.

გოგონას გამგზავრებამდე 4 დღით ადრე, ჰქონდა საეჭვო კონტაქტი კოვიდ-19-ით დაავადებულთან. მას ანალიზი აიღებინეს და ანტიგენის ტესტზე თვიდან უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ამ ტიპის ტესტზე შეცდომები, როგორც ცნობილია, გამორიცხული არ არის. ორი დღის შემდეგ, გოგონას სურდო დაემართა და ეს მისი ერთადერთი სიმპტომი იყო.

ხელმეორე ანალიზმა დაადასტურა, რომ გოგონას კოვიდ-19 აქვს. ანალიზი მოგვიანებით ოჯახის სხვა წევრებმაც აიღეს. როგორც გაირკვა, ოჯახურ შეკრებაზე მან 11 ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის იყვნენ: ორივე მშობელი, ორი ძმა, ბებია და ბაბუა.

სიმპტომები ინფიცირებულებს შეკრებიდან 18 დღის მანძილზე გამოუჩნდათ. ოჯახში 12 ინფიცირებულის ასაკი 9-დან 72 წლამდეა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თითოეული მათგანი უშუალოდ 13 წლის გოგონას შესაძლოა, არც დაუინფიცირებია. მას შემდეგ, რაც ინფექცია გავრცელდა, ახალი კორონავირუსი ალბათ ოჯახის წევრებმა ერთმანეთსაც გადასდეს.

ანგარიში ამ ოჯახის შემთხვევაზე ჯორჯიის, ილინოისის, მასაჩუსეტსის და როდ-აილენდის შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტებმა მოამზადეს. კვლევა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოცემაში „ავადობის და სიკვდილობის ყოველკვირეული ანგარიში“ (Morbidity and Mortality Weekly Report) ორშაბათს, 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

აღნიშნულ გამოცემას ხშირად „სი-დი-სის“ ხმას უწოდებენ. მისი გამომწერები ძირითადად ამერიკულ ჯანდაცვის სისტემაში, საავადმყოფოებში, კლინიკებში და სამედიცინო სასწავლებლებში დასაქმებული ადამიანები არიან.

შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვირუსის გავრცელებაში ბავშვებიც და მოზარდებიც დიდ როლს თამაშობენ. და ეს მათში შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკის ფონზე ხდებოდეს. კვლევის წამყვანი ავტორია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ექიმი ნოა ჯ. შვარცი.

კოვიდ-19-ის არაპირდაპირი შედეგი: დეპრესია და შფოთვითი აშლილობა ფინანსური სტრესის გამო

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პანდემიამ, რომელსაც თან რამდენიმეთვიანი კარანტინი ახლდა, დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, ის რაც ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღწერეს, სხვა ტიპის გავლენაა და კოვიდ-19-ის არაპირდაპირ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

მეცნიერებმა ამჯერად შეისწავლეს ისეთი ქვეყნები, სადაც ავსტრალიის მსგავსად, ახალი კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილობის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები იყო. როგორც გაირკვა, პანდემიამ იქ დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის შემთხვევების გაორმაგება აჩვენა. ოღონდ ამჯერად, ეს უფრო მეტად ფინანსურ სტრესს უკავშირდებოდა და შემდეგ - სოციალური ცხოვრების შეზღუდვას.

„წინა პანდემიების კვლევებიდან, ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ყველაზე დიდ გავლენას პანდემია იმ ადამიანებზე ახდენს, ვინც ავად ხდება, ვისაც ჰოსპიტალიზაცია უწევს და ვის კარიერაზეც ეს ყველაზე დრამატულად აისახება. თუმცა, კოვიდ-19-მა მოსახლეობის გაცილებით ფართო მასშტაბი მოიცვა შედარებით ნაკლები გავრცელების ქვეყნებშიც“ - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ექიმი ემი დოუელი, რომელიც კანბერაში, ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში მუშაობს.

ემი დოუელის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა 18 წლის ზევით, 1 300 ადამიანი შეისწავლეს. პოტენციური მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, მონაწილეებმა არ იცოდნენ, თუ რას ეხებოდა კვლევა. მათი შერჩევისას არც კოვიდ-19 იყო ნახსენები და არც ფსიქიკური ჯანმრთელობა.

1 300-დან მხოლოდ 39-ს ჰქონდა ან კოვიდ-19-ის დიაგნოზი დასმული, ან კონტაქტში იყო დაავადების მქონე ადამიანთან და თვითიზოლაცია მოუწია. მეცნიერების გასაოცრად, ამ ადამიანების ფსიქიკურ სიჯანსაღეზე კოვიდ-19-ს გავლენა არ მოუხდენია.

დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების სიმპტომები გაცილებით და ყველაზე ხშირი იყო მათში, ვინც პანდემიის გამო ფინანსურად იზარალა. ასევე ბევრი შემთხვევა აღირიცხა ახალგაზრდა ქალებში და მათში, ვისაც მანამდე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. თუმცა, საერთოდ არ ფიქსირდებოდა იმ ადამიანებში, ვინც შინიდან მუშაობდა და რაიმე სახის ტელესაქმიანობას ეწეოდა.

„იმედი გვაქვს, მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კოვიდ-19-ის გავლენის ეს მონაცემები დაეხმარება სახელმწიფოებში პანდემიის მართვას“ - ამბობს ექიმი დოუელი. „მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა და კანონმდებლებმა გააცნობიერონ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სოციალური და ფინანსური ზარალის მინიმუმზე დაყვანაც უნდა იყოს“ - აღნიშნავს ის.

ნაშრომი სამშაბათს, 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Frontiers of Psychiatry. მისი ავტორია 17 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის რამდენიმე სხვადასხვა ფაკულტეტიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG