8 გარდაცვლილი ერთ დღეში - კოვიდ-19 საქართველოში

დღეს, საქართველოში, ახალი კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა. აქედან 4 შემთხვევა ბათუმში, 3 - თბილისში და ერთი - საჩხერეში დაფიქსირდა. სულ საქართველოში დაავადების გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 93-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გასულ 3 დღეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 50 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე ნახეთ: 227 ახალი ინფიცირებული და 25-ე გარდაცვლილი - პანდემია საქართველოში

ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, კახეთის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვირუსით კიდევ 3 მოსწავლე დაინფიცირდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლის 540 მოსწავლიდან სკოლაში არცერთი არ გამოცხადდა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, სკოლის დირექტორმა, ნინო ნესუაშვილმა მათ უთხრა, რომ 5 ოქტომბრიდან მეცხრე კლასის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, მოზარდები მშობლებმა სკოლაში აღარ გაუშვეს.

ინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში. ბოლო ერთი დღეში, შიდა ქართლში, კოვიდ-19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის 10 არასრულწლოვანია, ფლავის, გორის მე-8 და პირველი საჯარო სკოლებიდან.

ასევე ნახეთ: კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს; 13 წლის მოზარდმა ოჯახში 11 ადამიანი დააავადა; კოვიდ-19-ის მეორადი ეფექტი