ხუთშაბათს, მედიაში გაჟონა ჩანაწერებმა, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, პრეზიდენტ ტრამპთან გასულ წელს შემდგარი შეხვედრების შემდეგ აკეთებდა. კომის განმარტებით, მან ფაქტების აღნუსხვა მაშინათვე დაიწყო, რადგან პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, თავი არაკომფორტულად იგრძნო.
კომის ჩანაწერებში ჩანს, ტრამპი შეშფოთებული იყო იმ ბრალდებით, რომ მას თითქოს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, გამარჯვების მოპოვებაში დახმარების მიზნით, რუსეთთან შეხება ჰქონდა და ასევე იმით, რომ მოსკოვს ვითომ ხელთ ჰქონდა ტრამპის რუს სექსმუშაკებთან ყოფნის ამსახველი ვიდეო-კომპრომატი.
ტრამპმა კომი გასული წლის მაისში ვადამდე გაცილებით ადრე დაითხოვა, მაშინ როცა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოძიებას უძღვებოდა. ამ მოვლენებმა ვაშინგტონში დამოუკიდებელი საგანგებო გამომძიებლის, რობერტ მალერის დანიშნვას მისცა ბიძგი, რომელიც ახლა ტრამპის კამპანიის რუსეთთან სავარაუდო შეხების საქმეს იძიებს.
კომის ჩანაწერებს პრეზიდენტი ტრამპი “ტვიტერზე” ხუთშაბათსვე გამოეხმაურა. “სულ ახლახან ჯეიმს კომის ჩანაწერები გამოვიდა და ის გარკვევით აჩვენებს, რომ არც [რუსეთთან] შეხება ყოფილა და არც ძალაუფლების გადამეტებას ჰქონია ადგილი. და კიდევ: მან საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა... კუდიანებზე ნადირობა ისევ გაგრძელდება”?
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევას რუსეთი დაბეჯითებით უარყოფს. თუმცა, ცნობილია, რომ ამერიკის ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე გამოძიების მიხედვით, რუსეთი შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევას 21 შტატში შეეცადა. არაპირდაპირი ჩარევა სოციალურ ქსელებში გაზრდილი აქტივობის გზითაც ხორციელდებოდა.