4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო ფორუმში მონაწილეობას ჩინეთიც მიიღებს. პეკინი იქ აგზავნის ლი ჰუის - საგანგებო დესპანს ევრაზიის საკითხებში.
უკრაინა, მოკავშირეებთან ერთად, საკუთარი სამშვიდობო გეგმის ირგვლივ მხარდამჭერების შემოკრებას ცდილობს. ჯედაში ფორუმი დღეს, 4 აგვისტოს იხსნება და რამდენიმე დღეს გაგრძელდება. უკრაინასთან ერთად, ფორუმში სულ ცოტა 40 ქვეყნის დიპლომატი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი და სხვა არაერთი მაღალჩინოსანი მიიღებს მონაწილეობას.
პეკინის განცხადებით, "ჩინეთს სურს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გააგრძელოს კონსტრუქციული როლის შესრულება, უკრაინაში მიმდინარე კრიზისში პოლიტიკური გადაწყვეტის დაწინაურების მიზნით", - განაცხადა პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვანგ ვებინმა.
კიევს იმედი აქვს, რომ საუდის არაბეთში სამშვიდობო გეგმის ერთგვარ მონახაზზე შეთანხმდებიან. ის შესაძლოა მომავალში საფუძვლად დაედოს რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მშვიდობიან დარეგულირებას.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადებით, სამშვიდობო გეგმა უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას ეფუძნება. ზელენსკის სამშვიდობო გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინის ომამდელი საზღვრების აღდგენას და ყველა პატიმრის, თუ დეპორტირებული ბავშვის შინ დაბრუნებას.
ასევე ნახეთ: კირბი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინის სამშვიდობო გეგმის გარშემო ბევრი ქვეყანა გაერთიანდება