ჩინეთის პრეზიდენტს ტაივანის მშვიდობიანი შემოერთება სურს, თუმცა სამხედრო მეთოდს არ გამორიცხავს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ტაივანმა უნდა შეწყვიტოს ფიქრი დამოუკიდებლობაზე და გაითავისოს ის მოსაზრება, რომ კუნძული ჩინეთის ნაწილია.

პრეზიდენტმა სიმ ტაივანის მიმართ პეკინის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ის ოთხშაბათს სიტყვით გამოვიდა ცერემონიაზე, რომლითაც ჩინეთის ეროვნული სახალხო ასამბლეის მიერ ტაივანის მიმართ გაკეთებული განცხადების “გზავნილი თანამემამულეების მიმართ ტაივანში” მე-40 წლისთავი აღნიშნეს.

სიმ განაცხადა, რომ პეკინი მზადაა დიდი “სივრცე შექმნას მშვიდობიანი გაერთიანებისთვის,” რომელიც “ერთი ქვეყნის, ორი სისტემის” ჩარჩოში შეიძლება განხორციელდეს. ამასთან მან დასძნა, რომ პეკინი არ დაუშვებს რაიმე სახის “სეპარატისტულ საქმიანობას” და ამავე კონტექსტში გაიმეორა საკუთარი პირობა, რომ მზადაა გამოიყენოს სამხედრო მოქმედებები ჩინეთის გასაერთიანებლად.

ჩინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-უენის მიერ ერთი დღით ადრე წარმოთქმულ სიტყვას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ ჩინეთი უნდა შეეგუოს ტაივანის სტატუსს, იმას, რომ ტაივანი თვითმმართველი კუნძულია.