გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები ჩინეთში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა მდგომარეობაა იქ სინამდვილეში, რათა მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემდგომი გავრცელება თავიდან აიცილონ ან შეზღუდონ. პეკინში კი კომუნისტურმა პარტიამ ოთხშაბათს, 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩინეთი კორონავირუსზე "საბოლოო გამარჯვებას" იზეიმებს.
ქვეყანაში, საიდანაც 3 წლის წინ პანდემია დაიწყო, ინფიცირება ისევ იზრდება. 1.4 მილიარდი მოსახლეობის მქონე ჩინეთში ვირუსის შეკავება ვეღარ ხერხდება და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოვიდ-19-ის გართულებებით, იქ დამატებით მილიონამდე ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. პანდემიის მორიგი აფეთქების გამო, ისინი ვირუსის ახალი მუტაციების გაჩენასაც არ გამორიცხავენ.
ასევე ნახეთ: დღეში 37 მილიონი ინფიცირებული ჩინეთშითუმცა, კომუნისტური ქვეყნის ოფიციალური წყაროების მიხედვით, "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთში სულ 5 ადამიანი გარდაიცვალა. პეკინი უცხოელი სპეციალისტების სკეპტიკურ შეფასებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი პოლიტიკურად არიან მოტივირებულები, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში მათი მიღწევები დააკნინონ.
ჩინეთის ბევრი საავადმყოფო და დაკრძალვის ბიურო იტყობინება, რომ იქ სამუშაოს მოცულობასთან გამკლავება უკვე ძალიან უჭირთ. "ეს სრულიად აღმაშფოთებელია... 4 ახლო ნათესავი დამეღუპა, ეს მარტო ერთ ოჯახში. იმედი მაქვს, მთავრობა თავის ხალხთან და დანარჩენ მსოფლიოსთან გულწრფელი იქნება იმაზე, თუ რა მოხდა აქ რეალურად", - ამბობს 66 წლის პეკინელი ჟანგი, რომელიც ვინაობას სრულად არ ამჟღავნებს.
მსოფლიოს ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით თავიდან შემოაქვთ რეგულაციები, რომლითაც ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს, თვითმფრინავში ასვლამდე აღებულ კოვიდ-19-ის ტესტზე, უარყოფით პასუხს სთხოვენ. ერთ-ერთი ბოლო მათ ჩამონათვალში იაპონიაა, რომელიც შეუერთდა შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, ავსტრალიას და სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც მსგავსი შეზღუდვები უკვე დააწესეს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის კრიზის-ჯგუფი ჩინეთის კოვიდ სიტუაციაზე იმსჯელებს