უკრაინაში მშვიდობას შესაძლოა ათ წელზე მეტხანს ველოდოთ - გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი

ავტორი ვაჟა თავბერიძე, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი

„თუ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, დასავლეთი კი უკან დაიხევს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მარტო საქართველოსა და მოლდოვის, არამედ ბალტიის ქვეყნების მომავალიც, რადგან რუსეთი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ თუ სიჯიუტეს არ მოიშლის, შეუძლია დასავლეთი გატეხოს და საკუთარი გავლენის სფეროები აღადგინოს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანეთის სამეფო ჯარის გენერალი, ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაური 2016 წლამდე, სერ რიჩარდ ბარონსი.

გენერალი რიჩარდ ბარონსი, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სამხედრო, მისი კარიერის მანძილზე, რომელიც ცივი ომის ბოლო ათწლეულში დაიწყო, მონაწილეობდა ბოსნიის, კოსოვოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის ხსნის, რატომ იქნებოდა სასურველის მოსალოდნელად გასაღება იმაზე ფიქრი, რომ უკრაინა წელსვე მოახერხებს ოკუპირებული მიწებიდან რუსების სრულად განდევნას.

რადიო თავისუფლება: რა გვასწავლა უკრაინის ომმა ამ ერთი წლის განმავლობაში - რა შეიძინა ომის მეცნიერებამ? და სად ვდგავართ, სად ვართ ახლა?

გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი: ერთობ ფასეული გაკვეთილები მივიღეთ, განსაკუთრებით ევროპისათვის. უფრო სწორად, დავიწყებული გაკვეთილები გავიხსენეთ. პირველი - ისევ „ვთამაშობთ ომებს“, ჯერ კიდევ ვერ „გავიზარდეთ“. ამის ბევრს სჯეროდა ცივი ომის შემდეგ, 90-იანებში, მაგრამ იმედები ფუჭი გამოდგა. და უკრაინის ომი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი ადამიანთა ყოფის ნაწილია. ძალიანაც შეიძლება გვინდოდეს, რომ არ იყოს, მაგრამ - გარანტირებული იმუნიტეტი არ არსებობს. როგორც დიდმა გენერალმა კლაუზევიცმა თქვა - შენ შეიძლება არ აირჩიო ომი, მაგრამ ომმა აგირჩიოს შენ. და როდესაც ეს ხდება, ჩვენ თვალწინ იწერება ისევ იგივე სასტიკი, ცხოველურობამდე დაყვანილი, სახიფათო და, საბოლოო ჯამში, უკიდურესად იმედის გამაცრუებელი ისტორია, რომელიც უკვე ბევრჯერ დაწერილა საუკუნეების განმავლობაში. და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვძლებთ ისე, რომ თითო თაობის განმავლობაში ერთხელ მაინც არ მივუბრუნდეთ, ხელახლა არ გავიმეოროთ ეს ისტორია. მეორე გაკვეთილი, რისი გახსენებაც მოგვიწია, ისაა, რომ დიდ ომებში - და უკრაინის ომი დიდი ომია - იბრძვის და იმარჯვებს, ან მარცხდება ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ დროს ომი გამოდის პროფესიონალი, გაწვრთნილი ჯარების საქმიანობის ჩარჩოდან. დიდ ომებში, სადაც ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის საკითხები წყდება, იმარჯვებს მობილიზებული საზოგადოება და მობილიზებული ინდუსტრია. ამას დღეს ფრონტის ორივე მხარეს ვხედავთ უკრაინაში - ვხედავთ, როგორ იბრძვიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ერთი წლის წინ იყვნენ მასწავლებლები, ექიმები, მექანიკოსები და ა.შ. და სულ უფრო და უფრო ხშირად იმავეს ვაწყდებით რუსეთის მხარეზეც, ხალხის მობილიზება ხდება ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებიდან, ეს ხალხი არ არიან პროფესიონალი ჯარისკაცები.

რადიო თავისუფლება: და როდესაც საქმეში „ვაგნერი“ ერევა, პროფესიონალი ჯარისკაცების ნაცვლად ვხედავთ პროფესიონალ კრიმინალებს.

გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი: ასეა. მესამე რამ, რაც უკრაინის ომმა შეგვახსენა, არის ის, რომ არ არსებობს ლოგიკური წესი, რომლის მიხედვითაც ომში გადამწყვეტი გამარჯვება ან ერთ მხარეს უნდა დარჩეს, ანაც მეორეს, თანაც - დროზე. რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, არა მხოლოდ დიდი ომია, ეს გრძელი ომიცაა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მხარეს ეს არ აწყობს. შეიძლება ძალიანაც გვინდა, რომ მალე დასრულდეს, მაგრამ ის დინამიკა, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, საპირისპიროზე მიგვითითებს - ვერც ერთი იმარჯვებს, ვერც მეორე, და არცერთი ახლოსაც არაა დანებებასთან. ასე რომ, წინ გველოდება კიდევ ბევრი ბრძოლა, რაც მოიტანს უზარმაზარ ნგრევას, დაახლოებით ტრილიონი დოლარის ზარალი უკვე მიადგა უკრაინას. ყველაზე რეალური სცენარი არის ე.წ. გამოფიტვის სცენარი, სადაც არცერთ მხარეს აღარ აქვს ბრძოლის გაგრძელების თავი, მაგრამ ვერც ვერაფერზე თანხმდებიან. და ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენხანსაც გნებავთ - თვალებში ვუყურებთ ისეთ რეალობას, სადაც მშვიდობისთვის ლოდინი შესაძლოა ათ წელზე მეტხანს მოგვიწიოს.

რადიო თავისუფლება: დამთრგუნველ სურათს ხატავთ. კიდევ უფრო დამთრგუნველს, ვიდრე თქვენი ადრინდელი პროგნოზი იყო, სადაც თქვით, რომ ომი უკრაინაში 2025 წლამდე გაგრძელდებოდა. და თუ მართლაც ასე მოხდა, თუ გრძელი ომისთვის უნდა ვემზადოთ, მაშინ ვისზე მუშაობს აქ დრო, სტრატეგიული თვალსაზრისით?

გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი: აქ რამდენიმე ფაქტორია. პირველი - გააგრძელებს და გაზრდის თუ არა უკრაინის დახმარებას დასავლეთი? ამისთვის დასავლეთს დასჭირდება საკუთარი ფინანსებისა და ინდუსტრიის საკმაოდ მოკრძალებული ნაწილის მობილიზება. უკრაინა იგებს, ან უპირატესობას ინარჩუნებს, ან, სულ მცირე, არ მარცხდება, თუ აქვს წვდომა თვეში სულ მცირე 6 მილიარდ დოლართან და დასავლეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან, რომელიც ამარაგებს იარაღითა და ტყვია-წამლით, რომელიც უკრაინას სჭირდება მობილიზებული საზოგადოების აღსაჭურვად. მოდით პირდაპირ ვთქვათ - ეს დახმარება ძალიან იაფი ჯდება, დასავლეთის ეკონომიკური ძალისა და ქონების გათვალისწინებით. დიახ, ეს ხარჯია, მაგრამ ეს ძალიან პატარა ხარჯია. თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, უკრაინა არ გატყდება და ბრძოლას განაგრძობს. რაც შეეხება რუსეთს, თვალნათლივ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს საკუთარი საზოგადოების მობილიზებას და თავდაცვითი ინდუსტრიის დაქოქვას, რომელიც 2 მილიონამდე ადამიანს ამუშავებს - ეს სახუმარო ძალა არაა. ამასთან, რუსეთში სწამთ, რომ ფულიც აქვთ, სოციალური კონტროლიც და ინდუსტრიული ხერხემალიც იმისთვის, რომ დასავლეთს გაძლების თამაში მოუგონ; ფიქრობენ, რომ დასავლეთი პირველი გატყდება და უკრაინის დახმარებაზე ხელს აიღებს. ასე რომ, ვიღებთ სურათს, სადაც ბრძოლის შეწყვეტა არცერთ მხარეს არ სურს, მაგრამ, ამავდროულად, აქვთ დიდი დანაკარგები, აკლიათ აღჭურვილობა, აქვთ საბრძოლო მასალების უმწვავესი დეფიციტი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საარტილერიო ამუნიციას შეეხება. ერთადერთი რამ, რამაც ახლო მომავალში შეიძლება სასწორის პინა [რუსეთისკენ] გადაწონოს, არის - თუ ინდოეთი ან/და ჩინეთი გადაწყვეტენ, რუსეთს თავიანთი იარაღის საწყობების კარი გაუღონ. ამ შემთხვევაში დასავლეთს კონკურენციის ტემპის შენარჩუნება გაუჭირდება. ეს ერთობ სახიფათოა, რადგან თუ ეს მოხდება, ბევრად უფრო რეალური გახდება რისკი და სცენარი, სადაც დასავლეთს ან უშუალოდ მოუწევს ამ კონფლიქტში ჩაერთოს, ან დამარცხება აღიაროს და თამაშს გამოეთიშოს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამყარებს ხედვას, რომ ეს ომი უკრაინაში - ეს, რა თქმა უნდა, ომია რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ ამავდროულად წარმოადგენს ე.წ. პროქსი კონფლიქტს დასავლეთის ლიბერალურ დემოკრატიასა და ჩინურ/რუსული ყაიდის ავტოკრატიულ კაპიტალიზმს შორის.

რადიო თავისუფლება: ბალანსი დაირღვევა, თუ ჩინეთი და/ან ინდოეთი ჩაერევიან - რამდენად სათუოა ეს თუ?

გენერალი რიჩარდ ბარონსი: ვფიქრობ, ინდოეთისგან ვხედავთ მიზერულ ინტერესს, რაიმე მასშტაბით ჩაერთოს ამ კონფლიქტში და ან ერთი, ან მეორე მხარის პოზიცია გაიზიაროს. ისინი ყიდულობენ სამხედრო შეიარაღებას რუსეთისგან, ყიდულობენ იაფ გაზსა და ნავთობსაც, და ეს მათთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, - ინდოეთს მშვენივრად მოეხსენება, რა არის ინდოეთის ინტერესები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვა ამ ინტერესებში ნამდვილად არ შედის. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის ინტერესებში არ შედის ეს კონფლიქტი იმ დონემდე გაღრმავდეს, რომ ჩინეთიც შიგ აღმოჩნდეს ჩათრეული, ანუ დონემდე, სადაც დასავლეთში ჩათვლიან, რომ ჩინეთი საბოლოოდ მიემხრო რუსეთს და ახლა ისინი ერთად უპირისპირდებიან დასავლეთს. ამას მოჰყვებოდა კატასტროფული შედეგები ჩინეთის ეკონომიკისთვის და ომს რეგიონული კონფლიქტიდან გლობალურ კონფრონტაციად გადააქცევდა. ჩინეთი, ინდოეთის მსგავსად, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და ძნელად წარმოსადგენია, დაინტერესებული იყოს მსგავსი პერსპექტივებით. ჩინეთის მიერ იარაღის საწყობების გაღება რუსეთისთვის იქნებოდა ღია ნიშანი, რომ ჩინეთი ამ კონფლიქტში ჩაერთო, და ეს იქნებოდა ღია კონფრონტაცია დასავლეთთან. ძნელი წარმოსადგენია, რომ ან ახლა, ან ახლო მომავალში ჩინეთში ჩათვალონ, რომ ეს მათ ინტერესებში შედის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის ეს ერთობ სასურველი სცენარი იქნებოდა.

რადიო თავისუფლება: მშვენიერი. ფრონტიც განვიხილოთ: დავიწყოთ რუსეთის „დიდი იერიშით“ - ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს და იყო მოლოდინი, რომ აი, წარსულის შეცდომებზე ნასწავლ რუსულ არმიას ახლა კი უნდა ეჩვენებინა, თუ რა ძალუძს. მსგავსი ვერაფერი ვნახეთ. რატომ?

გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი: 2023 წლის რუსული იერიში, უფრო სწორად, მისი მცდელობა, უკვე კულმინაციას უახლოვდება და მას თან ახლდა რამდენიმე სიურპრიზი: პირველი, პროფესიონალური კომპეტენციის ყბადაღებული დეფიციტი. ვერ ვნახეთ ვერანაირი ტაქტიკური მანევრი, ვნახეთ მხოლოდ ბანალური, სწორხაზოვანი ტაქტიკა, სადაც ცუდად შეიარაღებულ და ცუდად გაწვრთნილ ჯარისკაცებს პირდაპირ საზარბაზნე ხორცად უშვებდნენ და შემდეგ ინტერესით აკვირდებოდნენ, მოიტანდა თუ არა ეს რაიმე შედეგს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პირველ მსოფლიო ომს, და ვფიქრობ, მეტყველებს რუსული არმიის ორ მთავარ სისუსტეზე - საბრძოლო მასალებისა და კარგი სარდლობის დეფიციტზე. გამაოგნებელი მასშტაბების მსხვერპლი სტრატეგიულად უმნიშვნელო წინსვლასთან ერთად - აი, რუსული იერიშის მონაპოვარი. ზოგ შემთხვევაში „ვაგნერის“ დაჯგუფება პირდაპირ მოწინააღმდეგის ცეცხლზე უშვებდა ციხიდან გამოყვანილ ყოფილ პატიმრებს რამდენიმე ასეული მეტრი მიწის ხელში ჩასაგდებად, რადგან მათი სიცოცხლე არავის ანაღვლებდა, სამაგიეროდ სჭირდებოდათ პატაკი, სადაც ეწერებოდა, რომ „წინ წაიწიეს”.

რადიო თავისუფლება: ჩინგიზ ხანი ალბათ ძალიან იამაყებდა ამ ტაქტიკით.

გენერალი რიჩარდ ბარონსი: დიახ - რაც ჩვენთვის, ევროპელებისთვის კულტურულად გამაოგნებელია, რუსეთისთვის შესაძლოა, ისტორიული მეხსიერება იყოს. ადამიანების ტალღებად გაწირვა მიწის პატარა ნაგლეჯებისთვის, მეთაურების მხრიდან მათ განკარგულებაში მყოფი დანაყოფების სიცოცხლისა და უსაფრთხოების აბსოლუტური უგულებელყოფა - მათ ეს ან არ ანაღვლებთ, ან მისაღებ მსხვერპლად მიაჩნიათ. ასე რომ, დასკვნის მაგიერ შეგვიძლია ვთქვათ - რუსულმა იერიშმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა და, საბოლოო ჯამში, ვერანაირი წარმატებით ვერ დაიკვეხნის - ის ჩაფლავდა.

რადიო თავისუფლება: უკრაინის მოსალოდნელ კონტრიერიშზე გადავიდეთ და რამდენიმე პატარა კითხვას ერთად დაგისვამთ: როდის უნდა ველოდოთ მას, რას უნდა ველოდოთ ამ იერიშისგან და რა იქნებოდა რეალისტური საომარი მიზნები უკრაინისათვის?

გენერალი რიჩარდ ბარონსი: პირველი, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვა უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით არის: რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს იგი? რა რაოდენობით ხალხი დაკარგა უკრაინის ჯარმა რუსული იერიშის მოგერიებისას - შემორჩათ კი საკმარისი რაოდენობით ბრძოლისუნარიანი ნაწილები მასშტაბური კონტრიერიშისთვის? ვფიქრობ, ზამთარმა და განუწყვეტელმა ბრძოლებმა თავისი დაღი დაასვა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ, ერთობ ჭკვიანურად, უკრაინამ შემოინახა ელიტური დანაყოფებიც, რომლებიც ზამთრის საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ, წვრთნებს გადიოდნენ და ემზადებოდნენ. ისმის კითხვები: რა რაოდენობაზეა საუბარი? რამდენად კარგად არიან მომზადებულები? რამდენად კარგია მათი აღჭურვილობა? და ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, როდის უნდა ველოდოთ უკრაინელების კონტრიერიშს: უნდა ველოდოთ მაშინ, როდესაც კიევში ჩათვლიან, რომ რუსული იერიში საბოლოოდ დამთავრდა, ქანცი გამოელია. და როდესაც ნიადაგი გაშრება მანევრული ბრძოლებისთვის, რათა, როგორც ჩვენს სფეროში იტყვიან, მეტოქის ნაცვლად ტალახმა არ აგიყვანოს ტყვედ. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აპრილის ბოლომდე / მაისამდე არაფერს უნდა ველოდოთ. და როდესაც ეს კონტრიერიში დაიწყება, ამოსავალი წერტილია, სად დაიწყება: უკრაინელები ხედავენ, რომ რუსებმა მოასწრეს პოზიციების გამაგრება და ისიც იციან, რომ ზოგ შემთხვევაში, მოუწევთ იბრძოლონ ნომინალურად უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ დასახლებული ხალხით, ვისაც რუსეთის მიმართ მეტი სიმპათიები აქვს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ უზარმაზარი რაოდენობის აღჭურვილობა მიეწოდა უკრაინას წლის დასაწყისიდან, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის რიცხვები, რაც მთელი უკრაინის არმიის აღჭურვის შესაძლებლობას მოგვცემდა ან მათ მისცემდა საშუალებას, ებრძოლათ და გაეძლოთ ხანგრძლივი იერიშისას. ასე რომ, თავის დაიმედება და სასურველის მოსალოდნელად გასაღება იქნებოდა იმის ფიქრი, რომ უკრაინა წელსვე მოახერხებს ოკუპირებული მიწებიდან რუსების სრულად განდევნას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკრაინის კონტრიერიში იქნება მნიშვნელოვანი ფაზა ომში, მაგრამ რუსული ოკუპაცია ამით არ დასრულდება.

რადიო თავისუფლება: თუ სწორად გაგიგეთ, ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ყირიმის დაბრუნების იმედი არ უნდა გვქონდეს ამ კონტრიერიშის ფარგლებში.

გენერალი რიჩარდ ბარონსი: დიახ, ამ კონტრშეტევის მასშტაბების გათვალისწინებით, ყირიმი უკიდურესად რთული სამიზნე იქნებოდა. რუსებს 2014 წლიდან ჰქონდათ დრო, ყირიმი გაემაგრებინათ, და ისიც ფაქტია, რომ ყირიმი მათთვის უფრო ფასეულია, ვიდრე, ვთქვათ, დონბასი. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენია, უკრაინამ ყირიმი 2023 წელს დაიბრუნოს, თუმცა, რა თქმა უნდა, კიევი არც იმის თქმას დაიწყებს, რომ ყირიმს დათმობენ. მხოლოდ დრო და გარემოებები გვიკარნახებენ, შესაძლებელია თუ არა რუსეთის ყირიმიდან განდევნა, რად დაგვიჯდება ეს და არიან თუ არა უკრაინა და დასავლეთი თანახმა, ეს ფასი გადაიხადონ?

რადიო თავისუფლება: დასავლეთის სამხედრო დახმარებაზეც გადავიდეთ - რა სჭირდება უკრაინას ომში წარმატების მისაღწევად და მიიღებს თუ არა, რაც სჭირდება?

გენერალი რიჩარდ ბარონსი: უკრაინას სჭირდება შეიარაღება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს, ჩემი აზრით, რუსების საკმაოდ ეფექტურად ორგანიზებული დაცვის ხაზი. კიევში თავადაც კარგად უწყიან, რომ როდესაც თავს იცავ, შანსი გაქვს, შენზე სამჯერ - თუ არა შვიდჯერ - უფრო მრავალრიცხოვანი მეტოქე დაამარცხო. ასე რომ, დასჭირდებათ არტილერია, რომელსაც ექნება საჭირო სიზუსტე და საჭირო მანძილი - და ეს დასჭირდებათ არა უბრალოდ ახლა, არამედ სანამ ომი გასტანს და მერეც. ახლა რაც აქვთ, საკმარისი არ არის. საკმარისსაც ვერ ვაწვდით, იმიტომ რომ ინდუსტრიული პროდუქციის ხაზი ვერ სწვდება მოთხოვნას და „ამოქოქვას“ დრო სჭირდება. დასჭირდებათ ჯავშანტრასპორტი, ტანკები. ისევ და ისევ - რაც აქვთ, შეიძლება ხარისხით რუსულზე უკეთესი იყოს, მაგრამ რაოდენობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ გარდამტეხი გამარჯვების მიღწევა შეძლონ. ცალკე, უმწვავესი პრობლემაა საბრძოლო მასალის დეფიციტი. აქ შეგვიძლია რიცხვები მოვიყვანოთ მაგალითად: დასავლეთი ამ დროისთვის აწარმოებს დაახლოებით 30 000 საარტილერიო ჭურვს თვეში. უკრაინა ისვრის 6000-ს დღეში. ასე რომ, როდესაც იმას გახარჯავ, რაც თაროებზე გქონდა შემოდებული, შემდეგ უზარმაზარი ნაპრალი ჩნდება მიწოდებასა და მოთხოვნა-საჭიროებას შორის. ერთი რომ მეორეს დაეწიოს, ანუ პროდუქციის ხაზი გაიმართოს, ამისთვის საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გამოცოცხლება, სულის შთაბერვა და ვხედავთ, რომ ეს ხდება, მაგრამ ერთი წელი მაინც დასჭირდება, თუ ორი არა. რაც შეეხება რუსეთს - მხოლოდ კრემლში იციან, საბრძოლო მასალის რა რაოდენობა ჰქონდათ ომის დაწყებამდე, მაგრამ დაახლოებით გასული წლის ოქტომბრამდე დღეში 20 000 ჭურვს ისროდნენ. ეს ნიშნავს, რომ ათი წლის წარმოების მარაგი გახარჯეს უკვე. დღეს 5-10 ათასამდე ისვრიან, რადგან არც მათი ქარხნები მუშაობენ სრული დატვირთვით და ეფექტურად და მარაგები კი, როგორც ჩანს, თანდათან ელევათ. უკრაინელებს ასევე სჭირდებათ საჰაერო თავდაცვა: ამის მიღწევა შეუძლიათ ორი გზით: საბრძოლო თვითმფრინავებით და საჰაერო თავდაცვის სისტემებით. დასავლური წარმოების, თუნდაც ხანდაზმული მოდელების დაუფლებას - ანუ, რომ იფრინო და იბრძოლო, 2 წელი მაინც სჭირდება. ამას ემატება საჭირო ტიპის აეროდრომები და სხვა ლოგისტიკა, რაც ამ ეტაპზე უკრაინისთვის დასავლური წარმოების თვითმფრინავების გადაცემას ნაკლებად შედეგიანს ხდის, თუ იმას არ გავაკეთებთ, რაც პოლონეთმა და სლოვაკეთმა ქნეს - მივცეთ უკრაინას ის სისტემები, რომელთა გამოყენებაც უკვე იციან. ამ საჰაერო ბრძოლის სხვა ასპექტია საჰაერო თავდაცვა ხმელეთიდან, HIMARS-ის მსგავსი, მაგრამ უფრო შორი მანძილის ზუსტი დამიზნების ცეცხლით, ისე, რომ შეძლონ თვითმფრინავების დეფიციტის შევსება.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, მიიღებენ მათ? და თანაც დროულად, რომ ომის ბედზე გავლენა იქონიოს?

გენერალი რიჩარდ ბარონსი: დიახ, ვფიქრობ, მიიღებენ შორსმსროლელ ამუნიციას. ამას მოჰყვება დათქმა - რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ ისროლონ. უკრაინის იმ ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რომელიც დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული, მსგავსი შორსმსროლელი არტილერია აუცილებელია და ვფიქრობ, დასავლეთში ეს ესმით.

რადიო თავისუფლება: მინდოდა ასევე მეკითხა ე.წ. ომით დაღლის, გამოფიტვის საფრთხეზე - რამდენად რეალურია ეს?

გენერალი რიჩარდ ბარონსი: პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ არავინ ელოდა, რომ დღეს იქ ვიქნებოდით, სადაც ვართ. არავინ ელოდა, რომ ეს იქნებოდა ომი, რომელმაც გასტანა ერთი წელი და არაფერი ეტყობა, რომ მალე დამთავრდება, ომი, რომელსაც მოჰყვა 300 000-ზე მეტი მსხვერპლი ორივე მხარეზე. ომი, რომელიც რუსეთს დღეში ნახევარი ან ერთი მილიარდი დოლარი უჯდება, უკრაინას კი უკვე დაუჯდა საკუთარი ეკონომიკის მესამედი. ეს არის ომი, რომელიც 400 მილიონ ადამიანს შიმშილობას უქადდა ხორბლის კრიზისის დროს, ომი, რომელმაც 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ნგრევა მოიტანა. ასე რომ, თავიდან თავზარი დაგვეცა, რომ ასეთ ომს ხელახლა გავეცანით, ასე უცერემონიოდ დავბრუნდით წარსულში, მაგრამ ეს პირველი შოკი ნელ-ნელა გადის. უკრაინელებს, როგორც მთავრობას, ასევე არმიასა და მოსახლეობას სურთ ბრძოლის გაგრძელება, ისინი დანებებას არ აპირებენ. ასე რომ, მათ დაღლას ვერ ვატყობ. დაღლის გარკვეული ნიშნები შეიმჩნევა დასავლეთში - დასავლეთის ყურადღების ფოკუსირება შეიძლება იყოს საკმაოდ მოკლე. იმის განცდა, რომ ეს ომი არა და არ მთავრდება, ასუსტებს ზოგიერთი მოქალაქის ნებას, გააგრძელონ „ფასის გადახდა“, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მე ვამბობ, ფასი ძალიან მოკრძალებულია, იმ ფსონებს თუ შევადარებთ, რომლებიც თამაშშია. დასავლეთის ჩართულობაზე გავლენას იქონიებს ისეთი თემებიც, როგორიცაა მომავალი წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. ამავე დროს, დასავლეთის უსაფრთხოების გადმოსახედიდან, ეს არის ომი, რომელშიც მხოლოდ უკრაინული სისხლი იღვრება, მაგრამ სასწორზე დევს დასავლეთის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ღირებულებები - იმ ფასად, რისი გადახდაც გვიწევს, ეს ომი არაფერია, თუ არა ერთობ სარფიანი გარიგება. ძნელია ამის ხმამაღლა თქმა, ეს ალბათ სასტიკად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, სიმართლე ასეა. რუსეთის გადმოსახედიდან, ამ ომმა რუსეთს შესაძლოა, წარუშლელი დაღი დაასვა - რუსეთი ჩვენ თვალწინ რეგრესირებს როგორც სახელმწიფო და დიდი ძალა, კარგავს იმ ადგილს, რაც ეკავა საერთაშორისო წესრიგში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლას შეეშვებიან და დანებდებიან. ასე რომ, ვფიქრობ, ომით დაღლაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, ისევ დავუბრუნდეთ გრძელი ომის სცენარს - რამდენად დიდია საფრთხე, რომ დასავლეთი დაიწყებს, ასე ვთქვათ, მუჯლუგუნების კვრას და უკრაინას არასახარბიელო მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს?

გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი: დასავლეთმა უნდა აირჩიოს - და აქ დასავლეთს სამი არჩევანი აქვს. პირველი: გაჩერდეს და თქვას - ამის გაკეთება აღარ მინდა. და, ასე ვთქვათ, ონკანი გადაუკეტოს უკრაინას. როგორც კი დასავლეთი ამას იტყვის, იმავე დღეს უკრაინასაც ეცოდინება, რომ თამაში დამთავრდა, რადგან მარტო უკრაინას ამ ბრძოლის გაგრძელება არ ძალუძს, ძალიანაც რომ უნდოდეს. ამ არჩევანის შედეგები კატასტროფულია როგორც უკრაინისთვის, ასევე დასავლეთისთვის და მისი ადგილისთვის მსოფლიოში. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს, არ ეტყობა, რომ დასავლეთი ონკანის მოკეტვას აპირებდეს. მეორე არჩევანი: გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. იმ დოზით, რა დოზითაც დღეს უკრაინას დასავლეთი ეხმარება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინა მეტ ტერიტორიებს აღარ დაკარგავს. და სწორედ ამას ვხედავთ ბახმუტში დღეს. მაგრამ ეს დოზა სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს და რუსეთი საკუთარი მიწებიდან გააძევოს. ისმის კითხვა - რატომ მეტად არ ვეხმარებით უკრაინას? აქ კომბინაციების ფაქტორია, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია საჭირო ინდუსტრიული შესაძლებლობების დეფიციტი. თუ დასავლეთი ამ დოზითვე გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ეს შესაძლებლობას არ მისცემს რუსეთს, უკრაინა გატეხოს, მაგრამ არც უკრაინას ექნება გარდამტეხი გამარჯვების მიღწევის შესაძლებლობა. ეს წაიღებს დროს, ომი გაგრძელდება 2, 3, 4 წელს და შემდეგ დასრულდება ისე, რომ ვერცერთი მხარე სასურველს ვერ მიაღწევს. მესამე არჩევანია დასავლეთმა დრამატულად გაზარდოს უკრაინისთვის გაწეული დახმარება, რასაც მაინც დასჭირდება მინიმუმ ერთი წელიწადი, რათა უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, დამაჯერებლად, ბრძოლის ველზე დაამარცხოს რუსეთი და ეს ომი დაასრულოს იმ პირობებით, რაც უკრაინას აწყობს. აქ ერთგვარ მილიტარისტულ დოღთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ამასობაში რუსეთიც გამალებული ცდილობს, შეიარაღდეს და საკუთარი სამხედრო ინდუსტრია გადატვირთოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დადის ფასზე - ან ახლა გადაიხდი ფასს, ან მოგვიანებით, მაგრამ უფრო მაღალ ფასს და უფრო დიდხანს მოგიწევს გადახდა. თუ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, დასავლეთი კი უკან დაიხევს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მარტო საქართველოსა და მოლდოვის, არამედ ბალტიის ქვეყნების მომავალიც, რადგან რუსეთი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ თუ საკმარის სიმტკიცეს და სიჯიუტეს გამოიჩენს, შეუძლია დასავლეთი გატეხოს და საკუთარი გავლენის სფეროები აღადგინოს. რუსეთის გამარჯვება ნიშნავს იმასაც, რომ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს - ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, რომლებიც ახლა ნელ-ნელა შორდებიან რუსეთს და ჩინეთს უახლოვდებიან, მოუწევთ დაფიქრდნენ, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს. მეორე მხრივ, თუ დასავლეთი უკრაინას დაეხმარება გამარჯვებაში - იმ პირობებით ომის დამთავრებაში, რაც უკრაინას აწყობს, ამის შედეგად ვიხილავთ რუსეთს, რომელმაც გააჩაღა ომი და იწვნია დამარცხება - ვნახავთ სტრატეგიულად იზოლირებულ, ეკონომიკურად გატეხილ და სამხედრო თვალსაზრისით დაძაბუნებულ რუსეთს. ეს იქნება გზავნილი საქართველოსა და მოლდოვისათვის, ყირგიზეთისა და დანარჩენებისთვის, რომ რუსეთის იმპერიალისტური ჩექმის მიერ დატოვებულ კალაპოტში ჯდომა აღარ მოუწევთ. აი, ამიტომაა მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ უკრაინაში სასწორზე დევს უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ის ღირებულებები, რომელიც დასავლეთისთვის ძვირფასია. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თუ ამ ყველაფრის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფასის გადახდა გვიწევს, ეს სხვა არაფერია, თუ არა საუკუნის ყველაზე სარფიანი გარიგება.