ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ. გენერალურ მდივანთან ინტერვიუ გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მ გამოაქვეყნა.
"მე მოვუწოდებ მოკავშირეებს, რომ მეტი გააკეთონ, ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, და არა - ვლადიმირ პუტინმა", - უთხრა სტოლტენბერგმა გამოცემას.
მისი განმარტებით, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ უკვე არსებული სისტემებისთვის საჭირო ამუნიცია მიიღოს. მისი თქმით, როგორც ამუნიციის, ისე სათადარიგო ნაწილების კიევისთვის მიწოდება ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს მიმართა და გრძელი რადიუსის მქონე იარაღი და საჰარო თავდაცვის სისტემები კიდევ ერთხელ სთხოვა, რათა უკრაინამ რუსეთის იერიშების მოგერიება შეძლოს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას უკრაინას კიდევ 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ აცნობა, მათ შორისაა "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც საჰაერო, საკრუიზო დ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
სტოლტენბერგი განმარტავს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ახლა მშვიდობის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზაა. "ჩვენ ვიცით, რომ ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება, ალბათ ეს ომიც ასე დამთავრდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის, თუ რას მიაღწევს ამ მაგიდასთან უკრაინა, აუცილებლად დამოკიდებული იქნება სამხედრო სიტუაციაზე", - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.