ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოჯესი:თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს


მართალია დასავლეთი უკრაინას "ლეოპარდის", "M1 აბრამსის" და "ჩელენჯერის" ტიპის ტანკებს დაპირდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას წარმატებული შეტევითი ოპერაციისთვის მეტი იარაღი ჭირდება. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, ისინი F16- ის ტიპის საბრძოლო მოერიშეებს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინას ამ უკანასკნელის გადაცემაზე უარს ეუბნება, ოთხვარსკვლავიან თადარიგის გენერალს და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალს ევროპაში, ბენ ჰოჯესს სჯერა, რომ უკრაინა F16-ებს მიიღებს. ინტერვიუ გენერალ ჰოჯესთან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა, მარიამ უგრეხელიძემ ჩაწერა.

გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. F16 მოერიშე თვითმფრინავებზე მინდა გკითხოთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა მათ არ გადასცემს უკრაინას. არც ბრიტანეთია თანახმა, საფრანგეთს კი გარკვეული წინაპირობები აქვს თუ შეგიძლიათ გვითხრათ რატომ სურს ეს მოიერიშეები უკრაინას, რატომ არ აძლევს მათ დასავლეთი და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დროს "ჰაიმარსები" და "M1 აბრამსების" გადაცემაც არ განიხილებოდა, შემდეგ კი მაინც მისცეს ისინი უკრაინას, ფიქრობთ თუ არა, რომ უკრაინა მაინც მიიღებს F16-ებს?

როგორ გამოიყურება გამარჯვება? პირველ რიგში ესაა უკრაინის სუვერენიტეტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღდგენა, რაც ყირიმსა და დონბასსაც მოცავს.

ვფიქრობ, გარკვეული დროის შემდეგ მიიღებს. ძალიან იმედისგამაცრუებელია იმის ყურება, რომ [ბაიდენის] ადმინისტრაცია თანდათანობით აწვდის იარაღს [უკრაინას]. თქვენ და თქვენს მაყურებლებს, ალბათ გახსოვთ, რომ ერთი წლის წინ "სტინგერების" გადაცემაზეც კი დიდი განხილვა იყო. ამბობდნენ, რომ ეს გარკვეულწილად პროვოკაციული იქნებოდა. თუმცა, ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამას [ვაწვდით იარაღს], რუსები კი ამაზე არ რეაგირებენ, იმიტომ, რომ არ შეუძლიათ. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ატომური იარაღის გამოყენების გარდა, რაც ნაკლებ დასაშვებია, რომ მოხდეს.

ადმინისტრაციამ, რომელმაც ასეთი კარგი სამუშაო შეასრულა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და ალიანსის ერთობის შენარჩუნებისთვის, ჯერ მაინც ვერ გაიაზრა, რომ უკრაინას რეალურად შეუძლია გაიმარჯვოს.

ისინი არ საუბრობენ უკრაინის გამარჯვებაზე. გვესმის საუბრები უკრაინის დახმარებაზე, რომ ის წარმატებული იყოს, ან დამარცხება თავიდან აიცილოს. ამის გამო, ისინი თავს არიდებენ იმ საჭირო შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რაც უკრაინის წარმატებას უზრუნველყოფს.

საბოლოოდ, რაც ხდება ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ გამოთქვან, ან ჯერ არ გადაუწყვეტიათ როგორი უნდა იყოს საბოლოო მდგომარეობა. საბოლოო მდგომარეობა კი უნდა იყოს ისეთი, სადაც უკრაინა რუსეთზე იმარჯვებს.

გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ ჭირდება ეს მოიერიშეები უკრაინას?

ყირიმი ამ ომის გადამწყვეტი ნაწილია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა არასდროს იქნებაუსაფრთხოდ, დაცული, ან ვერასდროს შეძლებს ეკონომიკის აღდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთს ყირიმი ოკუპირებული ექნება. იმისთვის, რომ ყირიმის გათავისუფლება მოხდეს, უკრაინას სჭირდება საშუალება, რომ შეუტიოს ორ მთავარ მარშრუტს, რომელიც ყირიმს უკრაინასთან აკავშირებს. ერთი, რა თქმა უნდა, ქერჩის ხიდზე გადის, მეორე კი ე.წ. სახმელეთო ხიდია, რომელიც როსტოვიდან, ქვევით, აზოვის ზღვის სანაპიროზე გადის მარიუპოლის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის გავლით მიდის ყირიმამდე. ასე რომ მათ სჭირდებათ შორ მანძილზე ზუსტი დარტყმის უნარი: "ატაკამსები", სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები, “ნაცრისფერი არწივის” ტიპის სამხედრო დრონები და ასევე პილოტიანი თვითმფრინავები, როგორიცაა F16. მათ შეუძლიათ ყირიმზე შეტევა განახორციელონ.

ყირიმის გათავისუფლების გზაა, რუსებისთვის იქ ყოფნა გაუსაძლისი გახადონ. ყირიმში დასამალი არსადაა, მათ [უკრაინელებმა] ყველაფრის ადგილმდებარეობა იციან. ასე რომ, მათ შეუძლიათ უბრალოდ დაბომბონ [საჭირო ადგილები].

საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს. 

ასევე, როდესაც უკრაინის სხვა ნაწილებზე ვფიქრობთ, F16-ების ქონა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერასაც შეუწყობდა ხელს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ესროლო სამიზნეს მიწაზე, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნებოდა უკრაინელებისთვის.

რა თქმა უნდა, F16-ები იაფი არაა. რუსებს უამრავი საჰაერო და თავდაცვითი სისტემა აქვთ, ამიტომ უკრაინელებს მოუწევდათ და ასეც იზამენ, რომ ჭკვიანურად გამოიყენონ ისინი. ესაა შესაძლებლობა, რომელიც მათ რუსეთისგან თავდაცვაში მეტად დაეხმარება.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ "რუსეთმა შურისძიება" დაიწყო. ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორ შეაფსებდით უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციას ახლა და ელოდებით თუ არა ჩრდილოეთიდან რუსების შეტევას იმ მიზნით, რომ აიძულონ უკრაინას აღმოსავლეთიდან ჯარების ნაწილი იქ გადაისროლოს?

ახლა ყოველდღე ვხედავთ, რომ ბრძოლები ბახმუტის ირგვლივ მიმდინარეობს და გვესმის, რომ რუსები სოფელს, ან რაიმე მცირე ტერიტორიას იღებენ. შავი ზღვის რუკა სულ თან დამაქვს. თუ რუკას შევხედავთ და ვნახავთ სადაა ბახმუტი, მივხვდებით, რომ ვსაუბრობთ აღმოსავლეთით, უკრაინის 5%-ზე. ასე რომ 8 წლის განმავლობაში, სულ ესაა, რაც რუსებმა შეძლეს.

ვერ ვხედავ მათი მხრიდან რაიმე გადამწყვეტი შედეგის მიღწევას. ყირიმი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და როდესაც უკრაინა ყირიმს გაათავისუფლებს, შემდეგ ყველაფერი, რაც დონბასში ხდება, თავისით დალაგდება. ყირიმია კრიტიკული ნაწილი.

არ მჯერა, რომ რუსები შეძლებენ, რაიმე მნიშვნელოვანი ახალი შეტევა განახორციელონ ჩრდილოეთიდან. სულერთია იქნება ეს ბელარუსიდან, ბელგოროდიდან, ბრიანსკიდან, თუ კურსკიდან. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ათასობით უიღბლო რუსი ახალწვეული გამოიძახონ, რომლებმაც სექტემბერში საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა ადგილებში გაქცევა ვერ მოახერხეს. მეტი არაფერი აქვთ. მათ არსად ელოდებათ ასობით ახალი ტანკი, ან ასობით სხვა საბძროლო მანქანა.

ასე რომ, დიახ, ალბათ გარკვეული ტიპის მობილიზაცია ექნებათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ დიდი შეტევის სამზადისის რაიმე მტკიცებულებას ბელარუსიდან და ზოგადად, ჩრდილოეთიდან.

რუსეთში ადამიანური რესურსის საშინელი პრობლემა აქვთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ოდესმე ვიტყოდი.

რუსებს სურთ, რომ უკრაინელებმა ამაზე ინერვიულონ და იფიქრონ, რომ მომზადებულები უნდა იყვნენ, შესაბამისად შეინარჩუნონ ძალები, რომლებიც ამას გააკონტროლებს. თუმცა, ამას მთავარ საფრთხედ ვერ განვიხილავ.

უკრაინის ოფიციალური პირები აგრძელებენ დამატებით იარაღის მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ აბრამსები, ლეოპარდები და ჩელენჯერები დაპირებულია, მათ მეტი იარაღი უნდათ. კიდევ რა სჭირდება უკრაინას წარმატებული შეტევითი ოპერაციისა და ომის ახალი ეტაპისთვის?

მათ დასავლეთისგან იმის მოსმენა სჭირდებათ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ეს პირველი. მეორე ისაა, რომ ჭირდებათ დარწმუნდნენ, რომ დასავლეთი ყველა სანქციას განაგრძობს და დამატებით სანქციებს დააწესებს. ასევე, უნდა განვაგრძოთ ყველაფრის [უკრაინისთვის] მიწოდება, რასაც მათ შევპირდით. დაპირებული კი საკმაოდ დიდი რაოდენობის ტექნიკაა.

ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგალითად ტანკებზე, პატრიოტებზე და ჯავშანტექნიკაზე. ძალიან გვიან არ იყო, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ვიცადეთ.

ასე რომ, საჭიროა ამ საქმეების შერულება. ასევე, საჭიროა დავეხმაროთ უკრაინას შიდა ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სახის შეიარაღების გამოყენებას და პროფილაქტიკას.

პრეზიდენტი ზელენსკი იარაღის უკრაინაში სწრაფად ჩატანაზე ხშირად საუბრობს. იარაღდაირებასთან ერთად, მათ მათი დროულად მიღებაც სურთ. "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, დასავლეთის მიერ საჭირო მასალის მიწოდების პრობლემა იყო ის, რამაც კიევის წინსვლა ნოემბრის შემდეგ შეაფერხა. ეთანხმებით თუ არა ამ ანალიზს და ხედავთ თუ არა იარაღის დროულად ჩატანის პრობლემას?

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კიდევ გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ მათი ადგილზე ჩატანა მოხდეს. ვფიქრობ, დასავლეთი ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით.

უკრაინელები ხედავენ რომ იგებენ და შეუძლიათ, რომ მოიგონ. რატომ უნდა დავაძალოთ ახლა მოლაპარაკება?

ძალიან მიყვარს უკრაინა, ისინი შთამაგონებენ და რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ მათ დასახმარებლად ბოლო რამდენიმე წელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უკრაინის მთავრობას გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი არაფერი გაუკეთებია. მათ თავს 2014 წელს დაესხნენ. რამდენი ახალი აღჭურვილობა შექმნეს, რამდენი საბრძოლო მასალა გამოუშვეს? რა გააკეთეს მათ 2014 წლის შემდეგ, რომ მომზადებულიყვნენ? ბევრი არ გაუკეთებიათ. გაცილებით მეტი შეიარაღება, მეტი აღჭურვილობა უნდა ჰქონოდათ.

მე არავის ვადებ ხელს და ბრალს არავის ვაკისრებ, რადგან [წლების განმავლობაში უკრაინაში] სხვადასხვა მთავრობა და სხვადასხვა მიზეზები არსებობდა. თუმცა, დიდი დრო გაიფლანგა და ახლა ყველანი ვდილობთ დაწევას.

ამიტომაც, უკრაინელები მხოლოდ დასავლეთს არ უნდა სდებდნენ ბრალს მათი პრობლემებისთვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც პასუხისმგებლობას ავიღებთ, შემდეგ ყველაფერი უფრო სწრაფად წავა და ეს ასეც უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვთქვათ, რომ გვინდა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს კი ბევრ რამეს გაუღებს კარს.

ამასთან ერთად, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიაც უნდა გავააქტიუროთ. შეიარაღება, რაც ახლა მოიხმარება, გარკვეულწილად აჭარბებს გასული 20 წლის მონაცემებს ერთად აღებულს. ამიტომაც ვცდილობთ გავიგოთ სად შეიძლება მეტი საბრძოლო მასალის პოვნა. ამიტომაც ვცდილობთ, რომ სამხრეთ კორეამაც მიაწოდოს საბრძოლო მასალა და ჩვენ წარმოება გავზარდოთ.

რუსეთი სამხედროების მობილიზაციას აგრძელებს. ვხედავთ "ვაგნერის" დაჯგუფების აქტიურობასაც, პარალელურად, ხალხს ციხეებიდან ათავისუფლებენ, რომ უკრაინაში იბრძოლონ. რას გეუბნებათ ეს, რუსებს ჯარისკაცების პრობლემა აქვთ?

რუსეთში ადამიანური რესურსის საშინელი პრობლემა აქვთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ოდესმე ვიტყოდი. რუსეთში არავინაა, ვისაც იქ [ომში] ყოფნა სურს. მობილიზაციაც ამიტომ გამოაცხადეს. "ვაგნერის" დაჯგუფება ისეთი აღარაა, როგორიც ის თავდაპირველად იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მებრძოლი მოუკლეს და ახლა გაუწვრთნელი ხალხი ქუჩიდან აჰყავთ.

სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ დიდი შეტევის სამზადისის რაიმე მტკიცებულებას ბელარუსიდან და ზოგადად, ჩრდილოეთიდან.

რუსული მხარე თანმიმდევრული ძალა არაა. იქ არიან ჩეჩნები, არის "ვაგნერი", რიგითი სამხედრო ძალა და თუ არ ვცდები, კიდევ ორი დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება. ასე რომ, ჩვენგარკვეულ მიქსზე ვსაუბრობთ. ეს არაა ერთგვაროვანი რუსული არმია, ეს სხადასხვა ადგილებიდან ნაწილებად შეკრული [ჯარია].

რუსული ლოჯისტიკური სისტემა მათ ნორმალურ ჩაფხუტებს, იარაღს და ცივი ამინდებისთვის საჭირო აღჭურვილობასაც კი ვერ აძლევს. მათი მობილიზაცია ცხადყოფს წლების განმავლობაში არსებულ კორუფციას. აღჭურვილობა სწორად არ იყო შენახული, მობილიზაციისთვის არ მომზადებულან. ასე რომ, რუსები ახლა წვალობენ, რომ როგორმე ეს გამოასწორონ.

რადგან რუს ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ - გასულ ზაფხულს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ვინაიდან რუსებს ადამიანური რესურსები უთავდებათ, ისინი სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაიყვანენ. კვლავ ასე ფიქრობთ თუ არა და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

მათ უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა მსგავსი ადგილებიდან. ისინი მიყავთ, რადგან სათვალავში ადამიანები სჭირდებათ.

ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.

რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს.

სხვა ქვეყნების პატივისცემა ახსენეთ. რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 2022 წელს, პუტინი მას სარაკეტო თავდასხმით ემუქრებოდა. თუმცა, კრემლმა ამას "ტყუილი" უწოდა. ვხედავთ, რომ რუსეთ საკმაოდ დიდი დანაკრგები აქვს ბრძოლის ველზე და ომი ისე არ მიდის, როგორც პუტინს სუდა. როგორ ფიქრობთ, რაზეა წამსვლელი და რას გარისკავს პუტინი მიზნის მისაღწევად და თვლით თუ არა, რომ სხვა ქვეყნებზე თავდასხმა რეალური საფრთხეა?

ნამდვილად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წარმატებული იქნება უკრაინაში. რუსეთს ერთადერთი იმედი ის დარჩა, რომ დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის ნება გაუქრეს.. ისინი იმედოვნებენ, რომ ჩვენ აღარ გვექნება სურვილი. სხვა შემთხვევაში რუსეთისთვის არანაირი ნათელი ჰორიზონტი აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენი სურვილის დაკარგვას იმედოვნებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვთქვათ, რომ გვინდა უკრაინამ გაიმარჯვოს.

თუ ჩვენ სურვილს დავკარგავთ და რუსეთი წარმატებული იქნება, მაშინ ვფიქრობ, არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ისინი სხვა ტერიტორიებზეც გადავლენ. ამაზე გამუდმებით ლაპარაკობენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწორედ ის უთხრა, რასაც ჯონსონი ამბობს.

რუსები ხედავენ, რომ ჩვენ თავშეკავებულები ვართ, ვნერვიულობთ, რომ რაღაცას გააკეთებენ და ვჩერდებით, არ ვაკეთებთ რაც გასაკეთებელია. ვფიქრობ, რუსები [ამ მუქარას] გააგრძელებენ.

თქვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში თქვით, რომ დიდი შეცდომა იქნება, თუ უკრაინა რუსეთთან ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებს. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ, რატომ ფიქრობთ ასე და როდის იქნება კარგი დრო, ან იქნება თუ არა ასეთი, მოლაპარაკებებისთვის?

მე ვთქვი, რომ სულელური იქნებოდა, თუ უკრაინა მოილაპარაკებდა [რუსეთთან] და ყირიმს დათმობდა. მოლაპარაკება არაა სისულელე, მაგრამ ვფიქრობ უკრაინა ახლა არ უნდა დაჯდეს მოსალაპარაკებლად. როგორც დასაწყისში ვთქვი, ყირიმი მათი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

ისინი [უკრაინელები] ვერასდროს შეძლებენ ეკონომიკის აღდგენას, თუ რუსეთს აზოვის ზღვიდან გამავალი გემების კონტროლი შეეძლება (ახლა მათ ეს შეუძლიათ), ან თუ შეძლებენ ოდესაში შემავალი და გამომავალი გემების კონტროლს, რასაც ასევე აკეთებენ. ასე რომ თავიანთი ეკონომიკისა და უსაფრთხოების გამო, მათ ყირიმის დათმობა არ შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, რუსები ამას გამოიყენებენ და დაელოდებიან, რომ ინტერესი დავკარგოთ.

რა აქვს ამას საერთო მოლაპარაკებებთან? ვფიქრობ, არასწორია, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ყველა ომი მოლაპარაკებაა. ეს სიმართლე არაა. ყველა ომი სრულდება ქვეყნიდან ჯარის რაღაცა სახის გაყვანით. როდესაც დასავლეთი ავღანეთიდან გამოვიდა, ეს [დონალდ] ტრამპის ადმინისტრაციის საშინელი გარიგების შედეგი იყო, რომელიც თალიბანთან ავღანეთის მთავრობის ჩართულობის გარეშე დადეს. ეს მოლაპარაკება იყო, რომელიც ჩვენთვის კატასტროფულად დასრულდა.

ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგალითად ტანკებზე, პატრიოტებზე და ჯავშანტექნიკაზე. ძალიან გვიან არ იყო, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ვიცადეთ.

ასე რომ მთავარი, რასაც უნდა ვაკეთებდეთ არის ის, რომ დავეხმაროთ უკრაინას იმის მიღწევაში, რაზეც პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს.

როგორ გამოიყურება გამარჯვება? პირველ რიგში ესაა უკრაინის სუვერენიტეტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღდგენა, რაც ყირიმსა და დონბასსაც მოცავს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არალეგალური ანექსია იყო და არავინაა ამაში რუსეთის მხარეს. მეორე უნდა იყოს იმ ათიათასობით უდანაშაულო უკრაინელის დაბრუნება [სამშობლოში], ვინც გადაასახლეს, განსაკუთრებით ბავშვები. და, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს ტრიბუნალები ომის დანაშაულებებისთვის. ICC "საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო" დეპორტაციებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდახმის საქმეებზე უკვე მუშაობს. ეს ყველა ომის დანაშაულია.

რაც შეეხება რეპარაციას. ვფიქრობ, იქნება ადგილები, სადაც გაყინული რუსული აქტივები [უკრაინის] აღდგენისთვის გამოიყენება. სხვა მხრივ, მგონია, რომ უკრაინელები ხედავენ რომ იგებენ და შეუძლიათ, რომ მოიგონ. რატომ უნდა დავაძალოთ ახლა მოლაპარაკება?

XS
SM
MD
LG