ბრიტანელმა პროკურორებმა რუსეთის ორ მოქალაქეს წაუყენეს ბრალი კონსპირაციასა და მკვლელობის მცდელობისთვის. საქმე მარტში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის ნერვული აგენტით მოწამვლით საქმეს ეხება. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ბრიტანეთის სამხრეთულ ქალაქ სალისბურიში უგონოდ იპოვეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტით - "ნოვიჩოკით" იყვნენ მოწამლულნი.
ბრიტანეთის პროკურატურის სამართლებრივი სერვისების დირექტორი სიუ ჰემინგი ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ თქვან, ალექსანდერ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა "ნოვიჩოკის" გამოყენებით ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვიეს და იყვნენ სერგეი სკრიპალის მოსაკლავად შეთქმულების მონაწილეები. სკრიპალების გარდა, ნერვული აგენტით მოიწამლა პოლიციის ოფიცერიც, რომელიც პირველად მიუახლოვდა შემთხვევის ადგილსა და დაზარალებულებს. ბრიტანეთი რუსეთისთვის მისი მოქალაქეების გადმოცემას ვერ მოსთხოვს, რადგან ამას კანონი არ ითვალსიწინებს, მაგრამ ჰემინგი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით უკვე გამოცემულია დაკავების ორდერი და მათ მაშინვე დააკავებენ, როგორც კი ისინი შეთანხმების წევრ რომელიმე ქვეყანაში იმოგზაურებენ.
პოლიციის განცხადებით, ორივე მათგანი დაახლოებით 40 წლისაა და რუსული პასპორტებით მოსკოვიდან ლონდონში შემთხვევამდე ორი დღით ადრე ჩაფრინდნენ. უკან კი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდნენ მას მერე, რაც სკრიპალები უგონო მდგომარეობაში იპოვეს.